23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში არ არის გამორიცხული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული.
ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ მაწევანის ტყეში განუცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება და რომელსაც სამართალდამცველებთან ერთად მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის გაყალბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ტელეფონით ესაუბრა და რომელმაც უთხრა შემდეგი ფრაზა – “შენი შვილი მაგარ შარშია”.
„საქმეს უბრალო ადამიანი, მწყემსი ან “მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს”, – აცხადებს ბაჩალიაშვილი.
მისივე განმარტებით, მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, “სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო”.
“ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარებას, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან… სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი… ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, თეთრიწყაროში, სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო. ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“: თეთრიწყაროს ტყეში 24-საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო