განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იწუნებს ჯანი ბუკიკიოს განცხადების თარგმანს და ამბობს, რომ მედიამ სათაურში ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ ნათქვამი სიტყვა ”იმედგაცრუება” გამოიტანა, სათაურში კი არ მოხვდა ასევე მის მიერ ნათქვამი ფრაზა, ”გადაწყვეტილების მიღებაში დარწმუნებული ვარ”.
“ახალ განცხადებაში, მოგეხსენებათ, ტონალურობა, ასე რომ ვთქვათ, შემსუბუქდა შედარებით, ანუ თარგმანის ამბავია. მოგეხსენებათ, რომ ”იმედგაცრუება” შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება სუსტად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ასევე ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მოინახოს კონსენსუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია. როგორც მის გამოსვლაში იყო ნათქვამი, სათაურად მედიაში ”იმედგაცრუება” გამოიტანეს, რა თქმა უნდა, თუმცა ისიც თქვა, რომ დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას მივიღებთ და ეს სათაურში არ მოხვდა. ასე რომ, მეც დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული, მიღწეული”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ბათუმში განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადების გამო ის “დამწუხრებული და იმედგაცრუებულია.”