LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ივლისიდან „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ ცვლილებები შედის

95

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის პროდუქტების  მწარმოებლებს  ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში.

საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად,  დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს  მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც  მზადდება  რძისგან.  დაუშვებელია  რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“  გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები შეეხეო   „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული  დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება  კარაქზე, რომელშიც რძის  ცხიმის შემცველობა  არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% – ს  შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქისგამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

„ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ   მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც  მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე  კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის  განვითარებას“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს  მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რძისა და რძის პროდუქტების   მწარმოებლები და  დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენელი  ესწრებოდნენ.