მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს სვანეთიდან და ასევე სპეციალურ პოსტს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ისტორიული კოშკი ჩამოინგრა და ამ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
„კოშკებს, ერთი კოშკი დააკლდათ სათვალავში.
უშგულში ერთი კოშკი წაიქცა.
12 საუკუნეს გაუძლო. მეტს ვერა…
დღეს ერთი კოშკი დააკლდა უშგულს, სვანეთს და ჩვენ ყველას!!!
განსაკუთრებით დამენანა. ეს კოშკი და სახლი ჩვენი ფილმის მთავარი ობიექტი იყო.
მე სულ ვამბობ, რომ დღეს სჭირდება უშგულს დახმარება. ხვალ გვიანია!!! გულში რაღაც ჩამწყდა…
აისზე, როგორც სხვა კოშკები თითქოს მხნედ იყო. დაისს ვერ გაუძლო. დაისზე წაიქცა…
და ვინ იცის როგორ ტირიან სხვა კოშკები…
როგორ…
ისინი ხომ თორმეტი საუკუნე მოდიან ერთად…
თორმეტი საუკუნე დგანან ერთმანეთის გვერდში…
თორმეტი საუკუნე უყვართ ერთმანეთი…
თორმეტი საუკუნე ინახავდნენ უშგულის ისტორიას…
და ახლა სხვა კოშკებიც შეშინდნენ…
უფრო შეშინდნენ…
მე კიდევ დღეს კოშკებს ვხატავდი…
თავი დამნაშავედ ვიგრძენი…
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უშგულს გული მოაჭრეს…
დიდი გულისტკივილით,
მარიამ ხაჭვანი
22.06.2017 აისი და დაისი“.
მარიამის პოსტს დიდი რეზონანსი მოჰყვა „ფეისბუქზე“. ერთ-ერთ კომენტარში შესაბამისი ფოტოთანხლებით ანა გავაშელი წერს, რომ უძველეს სახლებსაც ვერ ინარჩუნებენ: „ძალიან მწყდება გული, ასეთ ამბებს რომ ვიგებ. ჩემს სოფელში 50-მდე დუროიანი სახლი იყო და იქიდან მხოლოდ ერთი შემორჩა და ისიც ასეთ მდგომარეობაშია (როგორც ფოტოზე ჩანს). საუკუნეებს უძლებენ და დღეს ჩვენ ვერ ვუვლით, ვერ ვინახავთ საკუთარ კულტურას და გულსატკენია ეს..
ისტორიული ძეგლების ასეთი უყურადღებობა არ შეიძლება…“