LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიში საკვები ზაფხულში – როგორ გადავურჩეთ მოწამვლას     

ღია დახლებზე გასაყიდად გამოტანილი ხორცი, ყველი, თევზი და სხვა  მალფუჭებადი პროდუქტების სანდოობა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით პრობლემატური ხდება.  ზაფხულობით ხშირია კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებიც და ეს  მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან არ ხდება. საშიში საკვების სია საკმაოდ გრძელია და  უმეტეს შემთხვევაში, მათ საფრთხეს არასწორ პირობებში შენახვა და რეალიზაცია სძენს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ინფორმაციით, პრობლემა  მწვავეა რეგიონებში, განსაკუთრებით კი აჭარაში. 

„აჭარა ზაფხულში ერთ -ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს და, სამწუხაროდ, გარევაჭრობის პრობლემა კვლავ აქტუალურია, შესაბამისად ხშირია  მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაციის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების  დარღვევის ფაქტებიც, ხშირია მომხმარებელთა საჩივრები და ზარები აჭარიდან,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბრისას ფედერაციის ხელმძღვანელი, მადონა კოიძე.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაცია საჩივრების საფუძველზე აჭარაში ბაზრობებისა და მარკეტების შემოწმებას  გეგმავს. პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად ფედერაციაში გარევაჭრობის აკრძალვას ასახელებენ, როგორც ეს თბილისში მოხდა.

„გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ, თბილისში პროდუქტების რეალიზაციის პირობების დარღვევის ფაქტები ნულამდეა დასული, გააქტიურებულია მომხმარებელიც და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად ხდება რეაგირება,“ –  ამბობს მადონა კოიძე.

საკვები პროდუქტების რეალიზაციისა და ვარგისიანობას ქვეყნის მაშტაბით სურსათის უვნებლობის სამსახური აკონტროლებს. თუმცა, საფრთხის მთავარი წყარო – გარევაჭრობა მათი კომპეტენციის ფარგლებს მიღმაა. ამ შემთხვევაში მომხმარებელი თავად უნდა ერიდოს  ღია დახლებზე გასაყიდად გამოტანილი მალფუჭებადი პროდუქტის შეძენას.

რაც შეეხება რეგისტრირებულ ბაზრობებსა და სუპერმარკეტებს, სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, სავაჭრო დაწესებულებების შემოწმება რეგულარულად ხდება. თუმცა, დარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიურობა.

სურსათის უვნებლობის სამსახური  უახლოეს პერიოდში სავაჭრო დაწესებულებებში სპეციალური სტიკერების  გაკვრას გეგმავს,  სადაც  სამსახურის ცხელი ხაზის ნომერი იქნება მითითებული.  მაღაზიაში შენახვის პირობების დარღვევისთვის ობიექტი  1000 ლარით ჯარიმდება,  ვადაგასული პროდუქტის შემთხვევაში კი – 500 ლარით და პროდუქტი განადგურებას ექვემდებარება,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ სამსახურის უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძე.  

სურსათის უვნებლობის სამსახური რეკომენდაციით მიმართავს მოსახლეობას, არ შეიძინონ ღია ტიპის დახლებზე განთავსებული მალფუჭებადი პროდუქტი, მათ შორის ხორცი, ყველი, თევზი. ეს პროდუქტები მხოლოდ მაცივრებიდან უნდა იყიდებოდეს და მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტს თან ერთვოდეს ეტიკეტი.

„მომხმარებელმა განსაკუთრებული ყურადღება ეტიკეტს უნდა მიაქციოს. ეტიკეტზე წარწერა ქართულად უნდა იყოს შესრულებული და თან ერთვოდეს ინფორმაცია მწარმოებლის და ვადების შესახებ, პროდუქტზე ეტიკეტის არქონა დარღვევას წარმოადგენს და მომხმარებელმა ამის შესახებ უნდა გვაცნობოს,“ – აცხადებს ვასილ ბასილაძე.

საქართველოს მაშტაბით თითქმის ყველა სავაჭრო დაწესებულებაში, გარდა დიდი ქსელური სუპერმარკეტებისა, ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ყველი, ხორცი, ქათამი, ეტიკეტის გარეშე იყიდება.  გამოდის , რომ ყველა მათგანი არღვევს კანონს, მაგრამ მაინც იყიდება, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ამძაფრებს. საკუთარ უსაფრთხოებასა და ხშირად სიცოცხლეზე პასუხისმგებელი კი რეალურად მხოლოდ მომხმარებელი რჩება.

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები