LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სირცხვილია ასე მოექცეთ ექიმს, ვისი დახმარებაც შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ და სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ” – ინგა ბოჭორიშვილი

2746
Capture

გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის კოლეგა და მეგობარი, ინტერვენციონისტი კარდილოგი ინგა ბოჭორიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ექიმს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ინგა ბოჭორიშვილი ,,ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნავს, პროფესიის დაუფლებაში სწორედ ვახტანგ ყიფიანი დაეხმარა და მას მასწავლებლადაც მოიხსენიებს. მისივე თქმით, დაკავებულ ექიმთან 10 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

“30 წელია ვიცნობ…”- რას ამბობს დაკავებულ ექიმებზე ვაჟა გაფრინდაშვილი

კარდიოლოგი პოსტში აღნიშნავს, რომ ვახტანგ ყიფიანის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება და მისი პატიმრობაში დატოვება სრულიად უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, ყიფიანი მაღალკვალიფიციური, საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ქირურგია, რომლის დაპატიმრებით ბევრი პაციენტი იზარალებს.

,,მოგესალმებით! ძალიან მიმძიმს ამ სტატუსის გაზიარება. შეურაცხყოფილი ვარ მე და არამარტო მე იმ გარემოებებით რაც ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში განვითარდა.
ვინც არ იცნობს ვახტანგს ის ვერასოდეს გაიგებს თუ როგორ უყვარს მას თავისი პროფესია! ვახტანგი არის მაღალკვალიფიციური წარმატებული ენდოვასკულური ქირურგი! ათასობით გამოჯანმრთელებული პაციენტის მკურნალი! დაუღალავად მშრომელი და პროგრესულად მოაზროვნე ექიმი! საუკეთესო პიროვნება, მეგობარი და ძალიან კეთილი ადამიანი.

ვახტანგი ჩემი მასწავლებელია! იცით რა ვისწავლე მისგან? შეუპოვარი შრომა! ბოლომდე ბრძოლა პაციენტისათვის საუკეთესო შედეგის მისაღებად!სულის დალევამდე მუშაობა! დაქანცვა , რამოდენიმე საათი გადაბმულად პროცედურაზე დგომა – ტყვიის ჟილეტით რომელიც 10 კგ-ზე მეტს იწონის! რენტგენით დასხივება რა მოსატანია, დასხივება რომელიც უამრავი დაავადების გამომწვევი რისკფაქტორია, მაგრამ ეს ჩვენი პროფესიაა! ვალდებულება და მთელი ცხოვრებაც! აი ამის სიყვარული მასწავლა ვახტანგმა! დღეს კი ადამიანები რომლებიც მას საერთოდ არ იცნობენ-თაღლითობას აბრალებენ და ეს დიდი უსამართლობაა, განსაკუთრებით ვახტანგის მიმართ!

დამერწმუნეთ უამრავი ადამიანი დარჩება მაღალკვალიფიციური მკურნალობის გარეშე და შესაბამისად ცხოვრების დაბალი ხარისხით.
სირცხვილია ასე მოექცეთ ექიმს – ვისი დახმარებაც შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ და სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ!
თავისუფლება ვახტანგს!,” – წერს ინგა ბოჭორიშვილი.

https://www.facebook.com/bingako/posts/3802085416488210

შეგახსენებთ გამოძიების ინფორმაციით,  ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” 25 წლის ქალს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული მედიკოსების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს. შეცდომით ჩატარებული 2 ოპერაციის შემდეგ, 25 წლის პაციენტი თითქმის ორი წელიწადია, კომაშია.

ოპერაციის ჩამტარებელ ექიმს გამოძიება თაღლითობასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას ედავება. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს კი, ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. საქალაქო სასამართლომ კლინიკის დირექტორი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დანარჩენები კი პატიმრობაში დატოვა.