„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, სირიაში, რუსეთის ავიდარტყმების შედეგად გარდაიცვალა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, ქალაქ რაქასთან ახლოს დაბომბვის დროს გარდაიცვალა. რუსეთის საჰაერო ძალებმა ავიაიერიში მიიტანა შენობაზე, სადაც დაჯგუფების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტევა „ისლამური სახელმწიფოს“ სამმართველო პუნქტზე 28 მაისს, შუაღამისას თვითმფრინავებით „სუ-34“ და „სუ 35“-ით განახორციელეს.
უწყების ცნობითვე, დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულები არიან ტერორისტული დაჯგუფების სხვა მეთაურები და მათი დაცვის 300-მდე წევრი.
„ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ახლა სხვადასხვა არხით ვამოწმებთ, დაბომბვის დროს შენობაში მიმდინარე შეკრებას ესწრებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიც, რომელიც დარტყმის შედეგად გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და სირიაში ოპერირებს, არ შეუძლიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის დადასტურება. ამის შესახებ პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა ამის შესახებ სააგენტო „როიტერსთან“ განაცხადა.