ქართველი შემსრულებლის სოფი ვილის რიგით მესამე ალბომი სახელწოდებით „Planet A“ აპრილში გამოიცა. მისი პრეზენტაცია ნიუ-იორკში შედგა, „როქვუდ მიუზიქ ჰოლში“, შემდეგ კიდევ სამი კონცერტი გაიმართა მანჰეტენზე, ბოსტონში და ასევე ბიქონში. სოფი ვილი „ფორტუნას“ ესაუბრა.
სოფი:
ძალიან კარგი კონცერტები გვქონდა. აუდიტორიის 70% უცხოელები იყვნენ. ყოველთვის საინტერესოა უცხოური აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რადგან მათ ქართულ მუსიკას ვაცნობთ. რაც მეტი ადამიანი გაიცნობს ჩვენს კულტურას, მით უკეთესია.
ახლა თბილისში ვარ, თუმცა ორ კვირაში უკრაინაში მივემგზავრები, სადაც „ატლას უიკენდზე“ ვუკრავთ, ეს არის ძალიან დიდი მუსიკალური ფესტივალი, რომლის ჰედლაინერებს შორისაა „პროდიჯი“. 15 ივლისს „ფაბრიკაში“ ვუკრავთ, „Creative Education Studio“-ს ლაივზე, სადაც ასევე გამოდიან „კორძი“ და „მოკუმოკუ“. გარდა ამისა, 17 ივლისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „არტ-გენსაც“ გავხსნით.
შემოდგომაზე ვგეგმავთ თბილისში ალბომის პრეზენტაციას, შემდეგ კი ევროპული ტურნესთვის მზადებას ვიწყებთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ კალიფორნიის უდიდესმა რადიომ KCRW, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რადიოსადგურია, ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთში „ბი-ბი-სი“, ჩვენი სიმღერა „Planet A“ შეარჩია დასატრიალებლად.
ნინო მურღულია