საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება გაითვალისწინეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემქნიდან 6 თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისის შექმნის და საქმიანობის სულისკვეთება რეალურად ანგარიშსწორება იყო ერთ, კონკრეტულ პოლიტიკოსზე-პრეზიდენტ მარგველაშვილზე.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს“, ეს არასწორი სიტყვაა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია. ქართველი ხალხის ნება-სურვილია აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება, კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.