LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააჩერე მანქანა თავის ადგილზე: პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

361
parking-georgia

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენი მხრიდან მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, სადაც მთელი რიგი ცვლილებები გაიწერა და პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დეტალურად განმარტა, რა შემთხვევაში და რატომ გაიზარდა საჯარიმო თანხები.

“ტაქსებისთვის განკუთვნილ ადგილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების პარკირება ხდება. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხდება. ჯარიმები ასეთ შემთხვევებზე 10 ლარი იყო, თუმცა ცვლილებების შესაბამისად ჯარიმა გახდება 50 ლარი. ეს სივრცეები სპეციალურად გამოყოფილია მხოლოდ ა კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

ელექტრომობილების დამუხტვის ადგილებში მანქანის გაჩერებაც დაჯარიმდება 50 ლარით.

„ელექტრომობილებისთვის დამუხტვის ადგილებზე მთელი ქალაქის მასშტაბით დავიწყეთ სპეციალური მოწყობილობების ელექტროდამტენების დაყენება, იმისთვის, რომ ქალაქში ელექტრომობილების არსებობა წავახალისოთ. აქაც გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, სადაც დამუხტვის აპარატები აყენია, ადგილზე კი არა ელექტრომობილები, არამედ ჩვეულებრივი ავტომობილები დგანან, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ელექტრომობილების მფლობელებს. შესაბამისად, ჯარიმა, რომელიც იყო 10 ლარი, აქაც გახდება 50 ლარი“, – აცხადებს კალაძე.

გარდა ამისა, ავტომანქანის დიდი ხნის განმავლობაში ერთ ადგილზე პარკირება იკრძალება.

„სხვადასხვა რაიონებში პარკირების ადგილებში, განსაკუთრებით ცენტრალურ რაიონებში, გვქონდა შემთხვევები, სადაც ავტომობილები გაჩერებული იყო თვეებისა და წლების განმავლობაში და ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. მაგალითისთვის, შემიძლია მოგიყვანოთ კოტე აფხაზის ქუჩა და სხვა ქუჩებიცაა, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სხვა ავტომობილების მძღოლებს. ჯარიმა იყო 10 ლარი და გახდება 100 ლარი. გამეორებით ასეთ შემთხვევებზე ჯარიმა გაორმაგდება და იქნება 200 ლარი. სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვების ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით კონკრეტულ უბნებში. მოსახლეობის მხრიდან ამ მიმართულებით სერიოზული წუხილია. არის ავტომობილები, რომლებიც წლობითაა მიტოვებული და ეს სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა მხოლოდ სამი თვის განმავლობაში გააჩერონ ავტომობილი ერთ ადგილზე. თუ მეტი დრო იქნება, ასეთი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარით“, – განმარტავს დედაქალაქის მერი. 

 

„ამკრძალავი ნიშნის, გაჩერება აკრძალულია ან დგომა აკრძალულია მოთხოვნის დაუცველობისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან გაყვანაზე, შეგვეძლება ავტომობილის გადაყვანა და ამას დაემატება საბურავებზე სპეციალური ჩამკეტის დაყენება“ – აცხადებს კალაძე.

ჯარიმის გადახდა ქვითრის არჩაბარების შემთხვევაშიც აუცილებელი გახდება.

„პარკირების წესების დარღვევაზე საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის ან ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში (ჯარიმისთვის თავის არიდების შემთხვევა ძალიან ბევრი იყო და არ იბარებდნენ ქვითარს), საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. სისტემა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, პარკირებასთან დაკავშირებულ შემთხვევებზეც ანალოგიური მიდგომა იქნება გამოყენებული.
თუ პირი პარკირებისთვის გამოწერილ ჯარიმას 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მასჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება“ , – განმარტავს კახა კალაძე.

 

კალაძე აცხადებს, რომ „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ მძღოლებს ჯარიმა ჩამოეწერებათ.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჯარიმების განხორციელება, რომ ზოგადად ის ქაოსი, რაც ქალაქში გვაქვს პარკირების მიმართულებით მოწესრიგდეს და ყველამ იცოდეს საკუთარი ადგილი. ზონალურ-საათობრივი პარკირებაც ხელს შეუწყობს და დაგვეხმარება, რომ პროცესი სწორად წარიმართოს. 

ჯარიმების ჩამოწერა ეხება კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ ადამიანებს. იცით, რომ 2018 წლი 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება გავწყვიტეთ და ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო, რომ არასწორად ხდებოდა მძღოლების დაჯარიმება. 6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, რომელიც აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით მილიონამდე ჯარიმა ჩამოეწერება“, – აღნიშნავს დედაქალაქის მერი.