ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში დენდროლოგიური პარკის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მართალია, ამ კეთილი საქმის წინააღმდეგ აქციებს მართავდნენ, მაგრამ ახლა უკვე ცხადია, როგორი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა ქვეყნისთვის.
გთავაზობთ გია გაბრიჩიძის პოსტს:
„დენდროლოგიური პარკი გაიხსნა.
პირდაპირ ვიტყვი, რომ დიდებული რამ გაკეთდა და დიდებული საჩუქარი მივიღეთ არა მარტო ქართველებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ.
შეუძლებელია, რომ 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღმა, სადაც ადგილობრივი და მსოფლიო ფლორის ათასობით სახეობაა თავმოყრილი, სადაც 18 ჰექტარზე გაშენებულია მთელს საქართველოში მოძიებული 29 უნიკალური სახეობისა და 200-ზე მეტი ნიმუშის ხეები, ხოლო დარჩენილ 42 ჰექტარზე მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან შემოტანილი ათასობით ეკზოტიკური ხე-მცენარე, ასევე ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი, რომელთა უმრავლესობა გადაშენების პირასაა, ნებისმიერ ადამიანს, ტურისტი იქნება, თუ უბრალოდ იმ პარკთან ჩამვლელი, რომელსაც შეუძლია თავისუფლად შევიდეს, დაათვალიეროს, გზა გააგრძელოს და გულის კუნჭულში სიმშვიდე, სილამაზე და უბრალოდ კარგი ხასიათი არ დაუტოვოს.
ამ ამაღლებულ განწყობაზე, ნამდვილად არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ . . .
წესია და ამას ვერ გავექცევით – ნებისმიერ საშვილიშვილო საქმეს აუცილებლად ჰყავს კრიტიკოსი, გამქილიკებელი, „უკეთესი იდეის „შემომთავაზებელი“ და ათასგვარი ჩამკირკიტებელი, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც ე.წ. „ოპოზიციურ“ ტიპებს ჰქონდათ, ნამდვილად არ მსმენია.
ეკოლოგიურ კატასტროფას და ქვეყნის ნგრევას არქმევდნენ ჩემი, თქვენი, მათი და საერთოდ ყველა ჩვენგანის შთამომავლებისთვის გაშენებულ ამ უნიკალურ სივრცეს. აქციებს მართავდნენ, გზებს კეტავდნენ და გიენას სიხარულით ყაშყაშებდნენ, თუ მუშაობის პროცესში რაიმე წინააღმდეგობა გაჩნდებოდა.
მაგრამ ასევე არსებობს დაუწერელი ჭეშმარიტება, რომ კარგი და კეთილი საქმე ყოველთვის ამარცხებს ბოღმას, ბოროტებას და იმასაც ვიტყვი, რომ ამდენი წინააღმდეგობის შემდეგ მიღებული შესანიშნავი შედეგი, განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს.
მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან მაგარი რამ გვაქვს საქართველოში და ვეცდები, რაც შეიძლება მალე ჩემი თვალით ვნახო ეს ყველაფერი“.