LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ვარდიაშვილი: „ცხედრის პოვნიდან 20 დღე გავიდა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ…“

193
zurabvardiashvilinews

„პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს ერთგვარად აჯამებს და პოლიციის ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას.

გთავაზობთ ზურა ვარდიაშვილის სტატუსს:

„რომ შევაჯამოთ:

პოლიციაში რეკავს ბიჭი და ყვება, რომ შუაღამისას, თბილისთან ახლოს, არაგვის პირზე მასშტაბური კრიმინალური სცენა თამაშდება. მას და მის მეგობრებს თავს ესხმის რკინის ხელკეტებით შეიარაღებული ბანდა, დამრეკავი მიყრუებულ ადგილასაა დამალული და შველას ითხოვს. ოპერატორი მას პრაქტიკულად ანკეტას ავსებინებს, რის გამოც ბიჭი ღიზიანდება და გააუქმეთ გამოძახება, თქვენს მოსვლას აზრი აღარა აქვსო ამბობს.

და, მართლაც აუქმებენ. აღარც სასწრაფო მიდის არსად.

დანაშაულის ადგილი არ ივსება საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟებით, არაგვის პირი ან გადანათდება სასწრაფოსა თუ სამაშველოს ციმციმებით, არ იჩხრიკება თითოეული ბუჩქი. არ ისმის სირენების წივილი, მაშველი, მეძებარი ძაღლების ყეფა, არ ხდება არაფერი, საერთოდ.

პოლიციელებს დამრეკავი მოჰყავთ თბილისში, გზაში ესაუბრებიან უხარისხო და ხარისხიანი ფოტოფირების თაობაზე.

მერე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პირებს, რომლებიც ახლა წინასწარ პატიმრობაში არიან, იმის გამო, რომ საცემად დასდევდნენ ტყე-ღრეში ახალგაზრდებს, მანქანით თბილისში მიჰყავთ ის, ვისაც აქამდე საცემად დასდევდნენ. ჩამოსვამენ დიდუბეში. ის აქ შემთხვევით შეხვდება შუაღამისას სატვირთო მარშრუტკით ხაშურიდან ჩამოსულ თეთრპერანგიან უცნობს, და ტელეფონზე დარეკვას სთხოვს. ამას დასარეკი არ აქვს, მერე ის სახლში მიდის, ეს ნათესავთან ღამეს ათევს და მეორე დილით ხაშურში ბრუნდება.

პოლიცია მეორე დღესვე იგებს, რომ დაიკარგა 19 წლის ბიჭი, იწყება ძებნა. ცხედარს პოულობენ მეოთხე დღეს.

გადის კიდევ ორი დღე და მხოლოდ ამის შემდეგ აკავებენ 17 ადამიანს. ზოგიერთ მათგანს იმგვარი მუხლი აქვს წაყენებული, საერთოდ რომ არავინ დაუკავებიათ ამის გამო.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი არსად ჩანს, სამართლებრივად.

მერე ჯართის შეგროვებელი მიდის დანაშაულის ადგილზე, ჭრის იქ ჯართს, აჩენს ცეცხლს და წვავს კრიმინალური აქტის სავარაუდო ავანსცენას. ამის მერე ამ ადგილს ავლებენ პოლიციის ლენტას.

პროკურატურა ადვოკატებს აძლევს საქმის ფაილებს და მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალებს.

ტაქსის მძღოლი ისვამს სისხლში ამოსვრილ ახალგაზრდას მანქანაში. ვერაფერს ამჩნევს, არაფერი დაუნახავს, არაფერი იცის.

კაცი მგზავრობს შუაღამისას. იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ დანაშაული ვითარდება, იწყებს ძირს დაყრილი ნიახურის მოგროვებას. აწყობს მანქანაში და მიდის, არაფერი იცის, არაფერი დაუნახავს, ნიახური სახლში მიაქვს.

ფიგურანტებს კითხავენ და კითხავენ, ჩვენებები იცვლება და იცვლება.

გამოძიების კვალიფიკაცია დამძიმებულია, თუმცა, ამ დრომდე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

ცხედრის პოვნიდან გასულია 20 დღე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები