მანჩესტერში მომხდარი აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
ჯიჰადისტებმა ინფორმაცია საკუთარი მედიარესურსით Amaq გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხალხის ნაკადში ბომბი „ხალიფატის ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ააფეთქა“. „ისლამური სახელმწიფო“ ახალი ტერაქტებით იმუქრება.
მანამდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პოლიციამ იცის, ვინ განახორციელა თავდასხმა „მანჩესტერ არენაზე“. ტერორისტის სახელს სამართალდამცველები, ჯერ-ჯერობით, არ ასაჯაროებენ, თუმცა აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცია დაკავებული.
ტერაქტი გუშინ ღამით ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. მანჩესტერის პოლიციის თქმით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა და შემთხვევის დროს თავადაც გარდაიცვალა.