მეტეროლოგების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრად მოიმატებს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ნიშნულმა, შესაძლოა, 42 გრადუსსაც კი გადააჭარბოს.
„ხვალაც, 8 ივლისსაც მაღალი ტემპერატურა იქნება. დღის ბოლოს იწყება ნალექი. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე ველით შედარებით მნიშვნელოვან ნალექს. დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს“-აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგი, დავით ლოლაძე.
სპეციალისტების თქმით, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ძლიერმა სიცხემ, შესაძლოა, გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს.
„თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ან, თუ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს უნდა მოხდეს დილით, ძალიან ადრე. თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლიან, ტკბილ და გაზიან სასმელებს. აუცილებლად უნდა გვეხუროს ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, უნდა ვატაროთ სათვალე“,-აცხადებს NCDC-ს არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა.
9 ივლისიდან დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.