ქართველი ერი დაბერების აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი სიკვდილიანობა, ხანდაზმულთა მზარდი რაოდენობა და დაბალი შობადობა – 2030 წლისთვის ერი რეალური საფრთხის წინაშე დადგება.
მიმდინარე პოლიტიკური თუ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების ცხარე განხილვის პარალელურად, პრობლემა, რომელიც ქვეყანას, ერს უქმნის რეალურ საფრთხეს პროგრესირებს და ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
დღეს ხანდაზმულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას 100 000-ით სჭარბობს, მაშინ, როცა 1950 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ბავშვთა რაოდენობა ხანდაზმულთა რაოდენობას 750 000-ით აჭარბებდა. ამოყირავებულმა დემოგრაფიულმა მაჩვენებელმა ბალანსის რღვევა გამოიწვია და ერი დაბერების აქტიურ ფაზაში გადავიდა.
დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, თუ 65 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი, მოსახლეობის საერთო რაოდენობის 7%-ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ ერი დაბერებულია. საქართველოში კი მოსახლეობის 14% -იანი ანუ დაბერების ინდიკატორის გაორმაგებული მაჩვენებელი ფიქსირდება.
ერის დაბერების ძირითადი მიზეზებია:
- დაბალი შობადობა;
- მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი;
- სოცილურ-ეკონომიკური პრობლემები.
დემოგრაფიული კრიზისი ქვეყანაში 90 წლების შემდეგ დაიწყო. გადატანილმა სამოქალაქო ომმა, თანმდევმა ეკონომიკურმა პრობლემებმა და მიგრაციამ ქვეყანა არსებულ შედეგამდე მიყვანა. გარდა ამისა, 2012 წელს საქართველოში პიკს მიაღწია აბორტების რიცხვმაც და 40 000 შეადგინა. ხანდაზმულთა განსაკუთრებული მატება კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა – 1961 წელს საქართველოში შობადობის პიკი დაფიქსირდა და დღეს ეს ადამიანები საპენსიო ასაკის გახდნენ.
ერის დაბერება ქვეყანას დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად ეკონომიკურ პრობლემებსაც უქმნის. შრომისუნარიანი ახალგაზრდების კლების პარალელურად სახელმწიფოს სულ უფრო მეტი პენსიონერის შენახვა მოუხდება. წინასწარი მონაცემებით 2030 წლისთვის, პენსიონერთა რიცხვი მილიონამდე გაიზრდება.
სპეციალისტები პრობლემის მოგვარების 3 ძირითად გზას ასახელებენ:
სპეციალისტთა შეფასებით, პარადოქსულად, საქართველოს დაბალგანვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პრობლემები გააჩნია, ამავდროულად კი განვითარებული ქვეყნისათვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ქცევით ხასიათდება. საქართველოს ეკონომიკის მსგავსი ქვეყნებისათვის მოსახლეობის სიჭარბეა დამახასიათებელი, ხოლო დაბერება განვითარებული ქვეყნების მახასიათებელია (მაგ.იაპონია).
საქართველო დაბერების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, პირველ ადგილს იაპონია იკავებს. დემოგრაფიული კატასტროფის შესაჩერებლად, იაპონიამ მოსახლეობაში ეროვნული ცნობიერების ასამაღლებლად კამპანია დაიწყო სახელწოდებით- „ შენი ერი ნადგურდება“.
ქვეყნის დემოგრაფიული კატასტროფის შეჩერება სწორედ ეროვნული ცნობიერების ამაღლებას შეუძლია -ასე ფიქრობენ ქართველი დემოგრაფებიც.
თამუნა გოგუაძე