LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნიშნავს, რომ ყველა მესამე ბავშვი კაცმა უნდა გააჩინოს?” – რას შეცვლის კანონი „მეტი ქალი პარლამენტში“

185
პარლამ

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გენდერული კვოტირების ფარგლებში ყველა პარტიის საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიებს არ შეუძლიათ სიაში ერთი ქალი მაინც ჰყავდეთ, არჩევნებში არაფერი ესაქმებათ. ირაკლი კობახიძეს ბევრი არ ეთანხმება.

ერთი ქალი თუ არ შეუძლიათ მოძებნონ, მაშინ რა უნდათ არჩევნებში – ირაკლი კობახიძე “ევროპულ საქართველოზე”

“ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების” – უნდა შედგეს თუ არა საარჩევნო სიები სქესობრივი ნიშნით?

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რას შეცვლის ქალის მოსვლა ქართულ პოლიტიკაში.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქალის რაოდენობის გაზრდა პარლამენტში კვოტირებით, შეურაცხმყოფელია. 

„რაც უფრო მეტი ქალი იქნება პარლამენტში კარგი იქნება, მაგრამ ამის მიღწევა ე.წ. კვოტირებით მიმაჩნია, რომ უფრო შეურაცმხყოფელია ქალისთვის, ვიდრე რაიმე დივიდენტის მიმცემი. ქალები უფრო კონკურენტურები არიან და ბევრი თვისებებით უკეთესებიც არიან. საპარლამენტო მუშაობაში სხვადასხვა კომიტეტებში მათი კვოტირებით მოხვედრა, ეს მათ როლსა და შესაძლებლობებს აკნინებს და არაფრით აძლიერებს. ამიტომ ასეთი ხელოვნური მიდგომის წინააღმდეგი ვარ“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ხუხაშვილი.

კითხვაზე, რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ქართულ პარლამენტში ყველა ქალი იყოს, ამით საქართველოს ეშველება თუ პირიქით, ექსპერტი პასუხობს.

„ქალებს აქვთ ბევრი ის თვისება, რაც წაადგება ქართულ პოლიტიკას. იგივე კონფლიქტურ სიტუაციებში, ბევრად უფრო გონიერები არიან და მუშტი-კრივს მაინც არ ვიხილავთ პარლამენტში და ეს უკვე საკმაოდ დიდი მიღწევა იქნება. მართალია, ქალებიც ჩხუბობენ ხოლმე და  შეიძლება, თმით ითრიონ ერთმანეთი. 

ჩვენს პარლამენტში არ მინახავს ქალების ჩხუბი რამდენიმე შემთხვევის გარდა. ირმა ინაშვილი მოუწოდებდა ნიკა მელიას, რომ  გასულიყო საქმის გასარჩევად. ეს შორეული ისტორიული ეპიზოდი იყო. დამეთანხმებით, კაცები ამ მეთოდს ბევრად უფრო ხშირად მიმართავენ, ვიდრე ქალები.

ასეთი ხელოვნური ქმედება ჩემი აზრით, ნებისმიერი სრულფასოვანი ქალისთვის მისაღები არ უნდა იყოს, რომლებიც საკუთარ ძალებში დარწმუნებულები არიან. მათი სტიგმირება, რომ ისინი თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობის გამო კი არ მოხვდნენ პარლამენტში, არამედ იმიტომ მათი იქ მოხვედრა კვოტით იყო განსაზღვრული, შეურაცხმყოფელია და ღირსეული თანამედროვე ქალი ამაზე ხელს არ უნდა აწერდეს.

ხუხაშვილის თქმით, საქართველოს აქვს რესურსი, რომ პარლამენტში ბევრი ქალი იყოს. 

„დღევანდელ პოლიტიკურ ასპარეზზე ქალები მამაკაცებზე უარესად არ გამოიყურებიან. ისინი საკმაოდ აქტიურებიც არიან. მე ბევრი ქალი შემიძლია დაგისახელოთ, რომლებთანაც კაცებს გაუჭირდებათ კონკურენცია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქალი მმართველი იწოდებოდა მეფედ და არა დედოფლად. ფაქტია, გენდერული თანასწორობის მმართველობის პრინციპი პირველად საქართველოში შეიქმნა.

მე არ ვამბობ, რომ ფარული მამაკაცური სოლიდარობა არ არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები არ წყდება კვოტირებით. ეს პრობლემები წყდება სულ სხვა მეთოდებით. უნდა არსებობდეს კანონი. კაცს, რომ უფრო მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე ქალებს ეს დარღვევაა და ეს უნდა ისჯებოდეს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ქალებს რაიმე ტიპის შეზღუდვა აქვთ. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სხვა მანკიერებებსაც, თუნდაც (ოჯახური ძალადობის ფაქტები), მაგრამ მიჯნის დადგენა ანუ სრული თანაბრობა, მაინც არ გამოდის. ფიზიოლოგიური სხვაობა არსებობს ელემენტარული, რაც დისბალანსს ქმნის. ყველა საქმეში და ყველაფერში თანაბრობა არ შეიძლება. ასე შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ყველა მესამე ბავშვი კაცმა უნდა გააჩინოს? აბსურდამდე დადის ეს ყველაფერი. გადამლაშება არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ ხელოვნურად ქალის ინტეგრირება სისტემებში, ქალის მიმართ დისკრიმინაციური არ უნდა  იყოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში ქალების რიცხვის გაზრდის შეფასებისას აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ცხოვრება უფრო მშვიდი გახდება, თუმცა თუ ქალების ჩხუბი მოხდა, მისი თქმით, უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე კაცების ჩხუბი.

„ქალების ჩხუბი უფრო დაუნდობელია, ვიდრე კაცების. ცნობილია, რომ მათი ჩხუბი უფრო სახიფათო მოვლენაა, ვიდრე კაცების.

აქედან გამომდინარე ქალების რაოდენობის გაზრდა სახიფათო არ იქნება, საპარლამენტო ჩხუბებში არაფერია სახიფათო, გარდა გულის ფხანისა.

მოგეხსენებათ, კვოტების საკითხი ძირითადად დასავლეთმა წამოწია, მათთანაც შემუშავდა შესაბამისი ნორმები და ჩვენც ანალოგიურად უნდა ვიმოქმედოთ. ამერიკისა და დასავლეთის პარლამენტების ცხოვრებას თუ შევხედავთ, ალბათ არ არის მაინცდამაინც უკონფლიქტო მათი ცხოვრება და მთავრობამ ეს სირთულეები დაძლია.

ამბობენ, რომ ქალი პარლამენტში კარგია, რადგან ის უფრო მშვიდობისმოყვარული იქნება.

ნებისმიერ შემთვევაში უნდა გაითვალისწინოთ ადგილობრივი თავისებურებები. ამ შემთხვევაში ქართული ხასიათი რა როლს ითამაშებს, ძნელი სათქმელია. გვინახავს ირმა ინაშვილი მელიას როგორ ვაჟკაცურად ურჩევდა საქმეს, ასევე ვიხილეთ ეკა ბესელიას დარტყმა…

თავისთავად პრინციპი, რომ სქესის, კანის ფერისა და ეროვნების გამო კვოტები დაუშვა და უპირატესობა მისცე, უკვე წამგებიანი პრინციპია ნებისმიერ სფეროში.

თვითონ კვოტების პრინციპს პირადად მე არ დავუჭერდი მხარს, გონიერ-ღონიერი ქალები გვყავს და მათ ასეთი რევერანსები არ სჭირდებათ, შეუძლიათ პოლიტიკაში დაიმკვიდრონ ადგილი, ისე, რომ ეს ადგილი არავის დაუთმონ და პოლიტიკა არ არის ადგილების დათმობის სფერო. ამიტომ მგონია, რომ მათი შეურაცხყოფა უფროა კვოტების თემა. მაგრამ ჩვენ ხომ ახლა ფაქტობრივად ევროპული წესებით ვთამაშობთ და ვცდილობთ, რომ ეს წესები გავატაროთ, რომ ევროპა ჩვენი დემოკრატიის ხარისხით კმაყოფილი იყოს.  მათ ასე ესმით დემოკრატია? კარგი ბატონო, გავატაროთ. ამითი არც დაინგრევა ქვეყანა და არც აშენდება“, – აცხადებს საყვარელიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები