LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდების შეკრების აკრძალვა გამოსავალია? – რა უნდა გავითვალისწინოთ წვეულების დაგეგმვისას

463
FORTUNA.GE (12)

თბილისში დატრიალებულმა კიდევ ერთმა ტრაგედიამ საზოგადოებაში ახალი აკრძალვების მოთხოვნები გააჩინა. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ, რომელიც დაბადების დღეზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, გააჩინა კითხვები, რამდენად სწორი და კანონიერია მოზარდების მსგავსი ტიპის შეკრებები, უფროსების ზედამხედველობის გარეშე.

საქართველოში ეს გამოწვევა ახლა დადგა და პრობლემის დანახვისთანავე, საზოგადოების დიდი ნაწილი არა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გარკვევის ფორმებს აპროტესტებენ, არამედ გართობის ფორმებს. ეს ნაწილი ამბობს, რომ დაუშვებელია მოზარდების შეკრება უფროსის ზედამხედველობის გარეშე.

და თუ თქვენ მოისურვებთ გაიგოთ არის თუ არა სადმე აკრძალული სრულწლოვანი ადამიანისთვის ნებისმიერ გარემოსა თუ ადგილზე შეკრება, ნახავთ რომ “გუგლი” უამრავ რჩევას ამოგიგდებთ, როგორ მოამზადოთ ახალგაზრდა მსგავსი შეკრებებისთვის, რა გაითვალისწინოთ, თუ თინეიჯერია, გაუშვათ თუ არა და ა.შ.

პირველი, რასაც უცხოეთში, ასეთი ტიპის უსაფრთხო შეკრებებზე აკეთებენ – წვეულებას არეგისტრირებენ პოლიციაში, ადგილობრივი პოლიცია აცნობს მათ ხმაურის რეგულაციებს, ასევე მეთვალყურეობას უწევს მიმდებარე გარემოს.

ალკოჰოლი, თამბაქო, სხვა ტიპის ნარკოტიკები – ეს არის ყველგან ასეთი შეკრებების მთავარი საფრთხე. თუმცა, გასართობი სივრცეები და შესაძლებლობები კი არ უნდა აიკრძალოს, უბრალოდ იმის დაცვას უნდა მიეჩვიონ თინეიჯერები, რაც ისედაც აკრძალულია – ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების. ეს საკმაოდ რთული საკითხია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საქართველოში განსაკუთრებით საყურადღებოა ალკოჰოლის თემა, რადგან ძირითადად ბავშვებს სახლშიც კი არ უკრძალავენ მათ მიღებას.

თინეიჯერების მიერ მოწყობილი წვეულებები ხშირ შემთხვევაში ძალიან სახალისოა, ის ასევე მოზარდის განვითარების კიდევ ერთი საფეხურია: ასეთ წვეულებებზე მყარდება კონტაქტები, დამოუკიდებელ პიროვნებად შედგომის ერთ-ერთი საფეხურია, მატებს პასუხისმგებლობასა და თავდაჯერებულობას. ამიტომ უცხოეთში, სადაც ასეთი წვეულებების მრავალწლიანი ისტორია არსებობს, მშობლებს ყოველთვის მოუწოდებენ (თინეიჯერობის ასაკშიც კი) რომ შვილებს მსგავს ადგილებში სიარული არ აუკრძალონ.

თუმცა, არსებობს ე.წ. დაუწერელი კანონები.

თუ ბავშვი სრულწლოვანი არაა, მშობელი სასურველია იცნობდეს მასპინძელის ოჯახს, როგორც ბავშვს, ასევე მშობლებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ იყოს მარტო და მისი რამდენიმე ახალო მეგობარი მაინც იყოს წვეულებაზე. კიდევ უფრო მშვიდად იქნებით, თუ მის ყველა მეგობარს იცნობთ, ვისთან ერთადაც თქვენი შვილი გასართობად მიდის.

კიდევ ერთი პუნქტი, რომელსაც ფსიქოლოგები და სხვადასხვა საიტები რჩევის სახით აძლევენ მშობლებს არის “საკმარისი ჯიბის ფული”.

“ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს აქვს ტელეფონი, საჭიროების შემთხვევაში თქვენთან ან სხვა ნომერზე დასაკავშირებლად და საკმარისი ჯიბის ფული, იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში სახლში მარტომაც შეძლოს დაბრუნება” – ვკითხულობთ raisingchildren.net.au -ზე. 

რატომ ძალადობენ საქართველოში? - ერს ფსიქოგანათლება აკლია

"მთავარი გამოწვევა კიდევ ისაა, რომ ძალადობას ძალადობითვე არ უპასუხო. ეს საკმაოდ რთულია".

 

გარდა ამ წესებისა, თქვენ უნდა გქონდეთ შემუშავებული ერთგვარი შეთანხმება, რა შემთხვევაში შეძლებს ის კიდევ ერთხელ წვეულებაზე წასვლას და რა შემთხვევაში არ დართავთ ამის ნებას: მაგალითად, თუ მოიხმარს ნარკოტიკს, ალკოჰოლს… ამასთან, უნდა ასწავლოთ შვილს როგორ შეძლოს შემოთავაზებებზე უარის თქმა და რომ ეს მოსარიდებელი საერთოდ არ არის.

 

როგორ ვუმასპინძლოთ წვეულებას?

როცა მოზარდი გყავთ, იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ თქვენ არა მხოლოდ გაშვება მოგიწიოთ, წვეულების მასპინძელიც იყოთ და ეს პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღოთ.

ამ დროს უსაფრთხოება უმთავრესია – უსაფრთხოების საკითხში შედის ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკებიც.

თუ ნდობას მოიპოვებთ და წვეულების ორგანიზებაში ჩაერთვებით, არ იქნებით “ამკრძალავი” ნიშანი და დაეხმარებით ახლგაზრდებს მხიარული წვეულების მოწყობაში, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

  • შესთავაზეთ დალევის გარდა, გართობის სხვა შესაძლებლობები: კარაოკე, სხვადასხვა ტიპის თამაშები და აქტივობები.
  • დარწმუნდით, რომ წვეულებაზე საკმარისი წასახემსებელია.
  • კარგად გაეცანით სტუმრების სიას, გაიგეთ მაქსიმალურად ყველაფერი უცნობ პირებზე, ასევე გაარკვიეთ, ხომ არ არის რომელიმე გამორჩეულად კონფლიქტური ან ხომ არ აქვთ მოწვეულ სტუმრებს შორის ვინმეს ერთმანეთში უთანხმოება.
  • სწორად გადაწყვიტეთ სად დაგეგმავთ წვეულებას – სახლში, აგარაკზე, კლუბში თუ ა.შ. თუ წვეულება სახლში მოეწყობა, წინასწარ შეეგუეთ, რომ გარკვეული ნივთები შეიძლება დაზიანდეს. ასევე იფიქრეთ სამეზობლოზე, ხშირად ხმაურიანი მუსიკით თავს ვირთობთ, თუმცა გარშემომყოფებს ვაწუხებთ. თუ კლუბში გადაწყვეტთ, გაარკვიეთ იქნება თუ არა ადგილზე დაცვა.

  • მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი – შეთანხმდით წვეულების დაწყებისა და დასრულების დროზე. ასე თქვენც მშვიდად იქნებით და ის მშობლებიც, რომლებსაც ბავშვების გამოშვება უწევთ, რადგან ეცოდინებათ, როდის უნდა ელოდნონ შვილებს შინ.

მოკლედ, ყველაფერი სწორად მიდგომასა და მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთნდობაზეა დამოკიდებული. აკრძალვა კი გამოსავალი არასდროს არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები