ფსიქოლოგი მაია ცირამუა მხატვრულ ჩანაწერს აქვეყნებს.
პირობითად, 15 წლის ზურა აღიარებს, რომ მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა ძალადობა, რომ სუსტი იყო, ეშინოდა. ამის გამო ის პატიებას ითხოვს, თუმცა თავად ვერ პატიობს მამას, რომელმაც არ მისცა საშუალება, რომ თავდაცვა ესწავლა, “საკუთარი ხელები ჰქონოდა”.
“განზოგადებული სახეა იმ შემთხვევების რაც პრაქტიკაში მქონია” – განმარტავს “ფორტუნასთან” ჩანაწერის უფრო კარგად გაანალიზებისთვის ფსიქოლოგი.
“ფორტუნა” ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ვერასოდეს გაპატიებ, მამა!
მე ზურა ვარ. 15 წლის. უკვე წელიწადი გავიდა, რაც დამაპატიმრეს და წელიწადია, რაც მამა არ მინახავს. გაბრაზებულია, ვერ მაპატია. დედა ძალიან განიცდის და ჩემთან მოსული მთხოვს, ხელი არ ჩავიქნიო. არ დავიბოღმო. დღეს გადავწყვიტე წერილი მივწერო. დილიდან მოყოლებული მგონი მეათე წერილს ვწერ და ვხევ. ეს ბოლო მცდელობაა.
მამა, შეგიძლია მაპატიო?! ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი და მოსაყოლი. აქ ძალიან მიჭირს. სულ დაგრუზული დავდივარ, ზოგის ნაბიჯების ხმაც კი მაღიზიანებს. სული ყელში მებჯინება, როცა ერთი ბიჭი მოდის და ჯიუტად სიგარეტს მთხოვს. იცის, არ ვეწევი და მაინც მთხოვს. არა-მეთქი, ვეუბნები! გადაიხარხარებს და მიდის. მინდა ვცემო, ხელები მტკიოდეს მისი ცემისგან. არ შემიძლია, მამა! მაპატიებ? გახსოვს, შენ სულ მასწავლიდი, რომ სანამ დაგარტყამენ, უნდა დაასწრო, რომ თავი არავის უნდა დააჩაგვრინო, რომ თუ კაცი ხარ, კაცი უნდა იყო! სულ ყურებში მაქვს ეს სიტყვები, მამა! ვერ მოვახერხე, ვერ შევძელი. სუსტი ვარ, მამა! ამას შენთან ვამბობ, თორე ასი წელი ვერავინ მიხვდება სინამდვილეში, როგორი ვარ. ის სანადირო დანაც იმიტომ მოგპარე, რომ სუსტი ვარ. ამას ახლა მივხვდი. აქ მივხვდი. როცა მკლავი არ გერჩის და შენი თავის იმედი არ გაქვს, მაშინ იღებ იარაღს. გვიან მივხვდი ამას, მამა! არადა, როგორ ვცდილობდი, რომ ზუსტად ისეთი ვყოფილიყავი, შენ რო გინდოდა, მაგრამ რაც უფრო ვინდომებდი, მით უფრო არაფერი გამომდიოდა. გახსოვს, ფეხბურთიდან ჩალურჯებული თვალით რომ დავბრუნდი? გითხარი, ჩხუბი აიწიათქო. სინამდვილეში ერთმა ბიჭმა მცემა, იმიტომ, რომ ჩემი კედები არ ვათხოვე. რატომ უნდა მეთხოვებინა? თავისიც ხომ ჰქონდა? მცემა. მინდოდა ხელი მეც გამენძრია, მაგრამ გავხევდი, მამა! მახსოვს, შენ მითხარი კიდეც – კაცმა ჩხუბიც უნდა გამოსცადოს, არა უშავს, ეს ჩალურჯებული თვალი ჩაცხრება, სამაგიეროდ ხელის გაქნევა ხომ მოახერხეო! ვერა, მამა, ვერ მოვახერხე. მაშინ ვერ გავბედე ამის თქმა. ავიღე შენი დანა და ის ბიჭი დავჭერი, ზურგიდან მივეპარე და მინდოდა მომეკლა, შენი ხმა სულ ყურებში მქონდა – არ დაგაჩმორონ, ბიჭო! ვერ წარმოიდგენ, რამხელა სიამოვნებას და ძალას ვგრძნობდი, მამა, და რა მაგრად ვიგრძენი თავი სისხლი რომ წასკდა!
"მთავარი გამოწვევა კიდევ ისაა, რომ ძალადობას ძალადობითვე არ უპასუხო. ეს საკმაოდ რთულია".
რატომ ძალადობენ საქართველოში? - ერს ფსიქოგანათლება აკლია
ახლა ხომ აღარ იტყვიან ჩემზე, “პალაჟენიე” მამამ დაუყენაო. გახსოვს, სკოლის ბუფეტში რომ იჯექი, სანამ მე-5 კლასში გადავიდოდი და ყველას ეჩხუბებოდი, ვინც ოდნავ “შემეხებოდა”. ამას რატომ აკეთებდი მამა?!
თუ გინდოდა, რომ ძლიერი ვყოფილიყავი, რატომ არ მომეცი საშუალება საკუთარი ხელები მქონოდა?!
ვერასოდეს გაპატიებ, მამა!
2011 წელი” – წერს მაია ცირამუა.