LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის რეგისტრაციის ახალი ეტაპი დაიწყო, სახელმწიფო სუბსიდირება დღეს დამტკიცდება და გახარიას რაც თავი ახსოვს, ის პრობლემაც მოგვარდა

339
101964463-1702920596512504-8962049884215574528-o

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო გეგმის ფარგლებში შემდგომი ეტაპი დაიწყო, რომელიც 111 000 ჰა მიწის რეგისტრაციას გულისხმობს. პროგრამა ეხება 5 მუნიციპალიტეტში შემავალ 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. გიორგი გახარიას განმარტებით, რეგისტრაცია მოქალაქეებისთვის უფასოა, ხარჯებს კი იუსტიციის სამინისტრო დაფარავს. ამის შესახებ პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ისაუბრა.

უფასო რეგისტრაცია

“მიწის რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც 5 მუნიციპალიტეტს ეხება – თეთრიწყაროს, ქარელის, გარდაბნის, გორისა და საგარეჯოს 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 000 ჰექტარი მიწა მოწესრიგდება. დაფინანსება უკვე არსებობს. ფაქტობრივად მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულად შექმნილი საკადასტრო მონაცემები, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩამოწერილი დანაკარგები

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სასურსათო-საკვები პროდუქტების ბუნებრივ დანაკარგებს ჩამოწერს.

“კიდევ ერთი სასიხარულო  საკითხი, რომელიც რაც თავი მახსოვს სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ესაა სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება და ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება”, – განაცხადა პრემიერმა.

სუბსიდია მშენებლობაში

სახელმწიფო სუბსიდია, რომლითაც მთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორთან უშუამდგომლებს,  მთავრობა დღეს დაამტკიცებს. გიორგი გახარიას განმარტებით, ქვეყანაში არც ერთი დაუსრულებელი მშენებლობა  არ დარჩება და ამას სახელმწიფო გააკონტროლებს.

“სამშენებლო სექტორში სამთავრობო დადგენილებას დღეს მიიღებენ და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკით შეიძენს ბინას, სახელმწიფო 5 წლით უსუბსიდირებს იპოთეკურ სესხს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არც ერთი მშენებლობა არ უნდა დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა იზრუნებს” – განმარტავს პრემიერი.

 

ბინები დევნილებს

დღეს 500-მდე დევნილი ოჯახი ახალ საცხოვრებელ ბინას მიიღებს ან დაუკანონდება ფართი. პრემიერის განცხადებით, წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ 500-მდე დევნილ ოჯახს საცხოვბრებელი ბინით დააკმაყოფილებს.

“დღეს 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ბინას გადასცემს ან დაუკანონებს საცხოვრებელ ფართებს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით და წლის ბოლომდე ისევ გვექნება მსგავსი დადგენილება და კიდევ 500 დევნილს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა”, – აცხადებს გიორგი გახარია.

 

სპეცსამსახურები დადებითად შეფასებულა

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე რეგიონის მასშტაბით და განმარტა, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა მაღალი ხარისხით არის შეფასებული. გახარიას თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში კოოპერირება უფრო ეფექტიანი იყოს.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/585509162383793/