„ბათუმი – არომატების სუფრა“ – ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქვეყნებს.
სტატიის ავტორი ბრიტანელ მკითხველს ურჩევს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ბათუმიდან დაიწყოს.
„საქართველოს კულინარიულ რუკაზე გაგნებისათვის, დაიწყეთ ბათუმით – სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ მეღვინეობების სტუმრობა და არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზირებული რესტორნები. აჭარის რეგიონის სამზარეულოს გამორჩეული მაგალითია აჭარული ხაჭაპური – ყველითა და ზედწამოსკუპებული კარაქით გაჯერებული ნავის ფორმის პური, რომელსაც გვერდები უნდა მოატეხოთ, გულში ჩააწოთ და ისე მიირთვათ ცხლად,” – ნათქვამია სტატიაში.
ბრიტანეთში წამყვანი ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD კულინარიული გიდის ფუნქციას ითავსებს. სრული სიცხადით აღწერს გემოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულიდან, რასაც თან ურთავს ულამაზეს, მადისაღმძვრელ ფოტოებსა და რეცეპტებს. ქართულ სამზარეულოზე გამოცემა წერს, რომ ის პოპულარობის ზენიტშია და მისი აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა.
„ქართული სამზარეულო პოპულარობის ზენიტშია და მის აღმოსაჩენად არ არსებობს უკეთესი ადგილი, ვიდრე თვითონ ქვეყანაა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე გაშლილი, საქართველო ერთ დროს აბრეშუმის გზის გასწვრივ მდებარეობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვაჭრებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მის ქალაქებში შემოჰქონდათ ნაირნაირი მადისაღმძვრელი სუნელები თუ მკაფიო არომატები, რასაც თავის მხრივ წვლილი შეჰქონდა აქაური სამზარეულოს ჩამოყალიბებაში. ქართული სამზარეულოს კომპლექსურობა და მრავალფეროვნება დასახელდა “ერთ-ერთ საუკეთესო აღმოუჩენელ კვების კულტურად ევროპაში”დანიელი შეფის, ორი მიშელინის ვარსკვლავის მქონე „ნომა“ – ს თანამეპატრონის, რენე რედზეპის მიერ. ეს სამზარეულო მდიდარია ხორცეულით, ყველიანი ცომეულით, ნაირფეროვანი წვნიანებით თუ სხვა კერძებით, რომლებიც ერთად ტრადიციულ სუფრას ქმნიან. მისი წამყვანი კი თამადაა. ღვინოს, სუფრაზე, ისევე, როგორც ეროვნულ სამზარეულოში, ცენტრალური ადგილი უჭირავს: საქართველოში 8000 წლის წინანდელი საღვინე თიხის ჭურჭლების აღმოჩენის შედეგად, ქვეყანამ მსოფლიოს უძველესი მეღვინეობის ერის ტიტული მიიღო. მეღვინეობის სცენა აღმავლობას განიცდის ბუნებრივი მეღვინეობის აღორძინების წყალობით,“ – წერია სტატიაში.