LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსები შუა გზაზე ორ კვირაში ივლიან: რას ელიან ექსპერტები ჭავჭავაძეზე

1199
102398061-2595434570731097-8591869427522207744-n

მთელი ზაფხული თბილისმა ვაკეს წრეები რომ ურტყა… ეს ამბავი დასრულდა! – ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა გაიხსნა, თუმცა არა ბოლომდე.

გახსნილ ქუჩაზე არ არის დასრულებული საგზაო მონიშვნები. ამის გამო, ის, რაც გამზირზე შეიცვალა, ჯერჯერობით სრულად ვერ ვნახეთ.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტობუსები გზის შუაში 10-12 დღეში დაიწყებენ მოძრაობას, მას შემდეგ რაც ჭავჭავაძის დახაზვა დასრულდება. ამის შემდეგ გავიგებთ, როგორ უნდა ვიმოძრაოთ ვაკეში – სად გაუქმდება მოხვევა, მობრუნება და ა.შ.

ექსპერტებიც და მოსახლეობაც ყველაზე მეტად, ალბათ მაინც გზის შუაში ავტობუსებს ელის.

გაჩერებები უკვე მოწყობილია, ის, რაც ნახაზებზე გვინახავს ან სხვა ქვეყნებში, პირველად საქართველომაც გაუშვა პრაქტიკაში, თუმცა რატომ, ამას ექსპერტები ვერ ხსნიან და უამრავი კითხვა აქვთ.

 

უსაფრთხოა?

გაჩერებების შუაში მოწყობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული და როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, მას მთავარი კითხვა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვს.

“საინტერესოა როგორ მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელები. სხვა პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ, დედაქალაქში, დიდ კომპეტენციას ვერ ვამჩნევ ქვეითთა გადასასვლელთან მიმართებაში. ხშირად ის მძღოლისთვის არის სიურპრიზი. ელემენტარულად მაფრთხილებელი საგზაო ნიშნებიც კი არ არის ხოლმე, როცა მძღოლი ქვეითთა გადასასვლელს უახლოვდება.

მეეჭვება, რომ გაამართლოს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე ასეთი დერეფნის მოწყობამ. საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ასეთიო გვეუბნებიან, თუმცა სხვა ქვეყნებში ასე საპირისპირო მიმართულებით შეიძლება იმოძრაოს ტრამვაიმ, იმას თავისი ინფრასტრუქტურა აქვს, რელსი აქვს.

ავტობუსის შემთხვევაში ყველაფერი მძღოლზეა დამოკიდებული და მისმა ერთმა შეცდომამ შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს”, – ამბობს დავით მესხიშვილი.

 

ეფექტიანია?

შუა ზოლის უპირატესობაა ის, რომ ტრანსპორტს შეფერხება ფაქტობრივად არ აქვს. არ ხვდება წინ მანქანები, რომლებიც მოძრაობას ანელებენ იმის გამო, რომ გვერდით უხვევენ. სამაგიეროდ გვერდით კეთდება ველობილიკი, სადაც ეკოტრანსპორტით მსურველები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას.

თუმცა ველობილიკი ზოგ ადგილზე ტროტუარის, ზოგან კი გზის სავალი ნაწილის ხარჯზეა მოწყობილი – ეს კი ისედაც ვიწრო ქუჩას, სავარაუდოდ, რთულად გამტარს გახდის. ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილებისთვის პრაქტიკულად ადგილი აღარ არის.

თუ დაიცავენ უსაფრთხოებას, მსუბუქ ავტომობილებს მოუწევთ ყველა გაჩერებასთან შეყოვნება – გამოდის, რომ ავტობუსების სწრაფად სიარულის ხარჯზე, იზღუდება და ფერხდება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

“ამ ინფრასტრუქტურის შემხედვარე მოლოდინი დადებითი არ მაქვს. ჯერ დახაზვას უნდა დაველოდოთ. ჭავჭავაძის გამზირზე ბევრ მონაკვეთზე არის ე.წ. ძაბრი. ამ შევიწროების ადგილშია მოწყობილი გაჩერების ადგილი. უცებ ხდება ზოლების შევიწროება, ამიტომ საცობების ნაწილშიც არ არის გამართლებული პროექტი. სავარაუდოდ, უფრო გადაიტვირთება ქუჩა” – ამბობს მესხიშვილი.

მოძრაობის ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ ვნახოთ როგორ იმოძრავებენ მსუბუქი ავტომობილები

 

მოთხოვნის მიუხედავად, ექსპერტემბმა მერიიდან ვერ მიიღეს “სისტრას” კვლევა, რომლის მიხედვითაც ჭავჭავაძის გამზირის მოწყობა ასე გადაწყვიტეს.

არ გვაქვს ახალი, თუმცა ნანახი გვაქვს 2012 წლის კვლევა, რომელიც ასევე “სისტრამ” გააკეთა და რომლის მიხედვითაც, ვაკეში ტრამვაი უნდა დაბრუნებულიყო.

საერთაშორისო გამოცდილება 

დიღმიდან გაგარინამდე "სწრაფი ავტობუსი" იმოძრავებს - ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

გზის შუა ნაწილში მოეწყობა გაჩერებებიც, საიდანაც გადასვლა შუქნიშნების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

თბილისისთვის ეს ახალი პრაქტიკაა, თუმცა როგორც ჩანს, სწორედ ამ პრაქტიკის დანერგვას აპირებენ ქალაქში, რადგან „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრანსპორტოს საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ ასეთი მოდელით დაგეგმარდება გელოვანის გამზირიც.

მსოფლიოში კი ავტობუსის ზოლების გზის შუა ნაწილში განთავსების ფართო პრაქტიკაა.

ასეთი ზოლები შეგხვდებათ მილანში, ამსტერდამში, მადრიდში და სხვა ევროპულ ქალაქებში.