LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა ქარქაშაძე: „ძალიან მენატრება „ხელოვნური სუნთქვა…“

985

„ხელოვნურ სუნთქვაში“ მონაწილეობის შემდეგ თინეიჯერი გოგონა, რუსკა ქარქაშაძე ძალიან პოპულარული გახდა. სამწუხაროდ, სერიალი ვეღარ გაგრძელდა. რუსკას ენატრება ის პერიოდი, რომელსაც გადასაღებ მოედანზე ატარებდა.

Fortuna. Ge 14 წლის მსახიობს დაუკავშირდა იმის გასაგებად, როგორია მისი ცხოვრება სერიალის შემდეგ.

რუსკა ქარქაშაძე:

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი დასრულდა, მაინც ვგრძნობ ხალხისგან სიყვარულს. იმავენაირად აქტიურად მცნობენ ქუჩაში, როგორც სერიალის ეთერში ყოფნისას მცნობდნენ. ვუყვარხარ ხალხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რითაც ყველაზე ცნობილი ადამიანი უნდა ამაყობდეს. მთავარი ესაა და მაინც მომდევს, ვერ ვიტყვი, რომ აღარ ვახსოვარ ხალხს, რაც ძალიან კარგია.

შემოთავაზებები ხომ არ მიგიღია?

შემოთავაზებები ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ აქამდე მქონდა – გავახმოვანე მულტფილმები, ერთ-ერთი კომპანიის სახე გავხდი, რომელიც ოლიმპიადებს აწყობს. ახლა სერიოზული არაფერია.

ახლა რამდენი წლის ხარ? რა პროფესიაზე ოცნებობ, აღარ გკითხავ…

14 წლის ვარ. რა თქმა უნდა, მსახიობობაზე ვოცნებობ (იცინის). მინდა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარო და დიდ კინოში ვითამაშო. ჭეშმარიტი მსახიობი მინდა გავხდე.

როგორ ფიქრობ, ამისთვის რა გაკლია?

პირველ რიგში, მაკლია პრაქტიკა და სწავლა იმისა, რასაც ჯერ არ ვსწავლობ. თუმცა, მეორე მხრივ, მაინც ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტ მსახიობებად იბადებიან. ამ ნიჭს ვერ შეიძენ, ასეთად უნდა დაიბადო, ისევე, როგორც ჭეშმარიტ მომღერლად. მგონია, რომ მსახიობის ნიჭი მაქვს და შემიძლია, შრომით, ძალდატანებითა და სწავლით ეს ნიჭი უფრო გავაღრმავო და გავამყარო…

როცა „ხელოვნური სუნთქვა“ დასრულდა, იყო ჭორები, რომ აღდგებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ვერაფერი გადაწყდა…

ჩვენც ძალიან გაგვიხარდა, როდესაც გავიგეთ, რომ შესაძლებელი იყო სერიალის გაგრძელება, მაგრამ ჯერჯერობით არავინ შემომხმიანებია. ახალი ამ მხრივ არაფერია. ძალიან მომენატრა გადაღების პროცესიც და თავად სერიალის ყურებაც. როცა ვიღებდით, იქ კამერაში არაფერს ვნახულობდი და არც ბოლომდე ვკითხულობდი სცენარს. მინდოდა, დასრულებული სერია მენახა ხოლმე. ამ სერიალის მაყურებელიც ვიყავი… ყველას გვენატრება გადაღებები და ძალიან გვწყდება გული, რომ სერიალი დაიხურა.

სერიალმა ბევრი რამ შეგძინა…

ძალიან. ამ სერიალმა დიდი რამ მომიტანა, პირველ რიგში, გამოცდილება, რომელიც არ მქონდა. ასევე აღმომაჩენინა ბევრი დაფარული ნიჭი, რომელიც მქონია და რეალიზებას ვერ ვახერხებდი. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე სპექტაკლებში ვთამაშობდი, იქ ბოლომდე საკუთარი თავი ვერ გავხსენი, რაც სერიალში შევძელი. „ხელოვნურმა სუნთქვამ“ ასევე მომიტანა ცნობადობა და წარმატება.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

უამრავი ჰობი მაქვს, ვატარებ მეგობრებთან ერთად, მიყვარს მუსიკის მოსმენა და წიგნების კითხვა, ველოსიპედით სეირნობა, ამერიკული შოუების ყურება, ჩოგბურთის თამაში…

რომელ ამერიკულ შოუში ითამაშებდი?

„ვამპირების დღიურებში“, ასეთი ჟანრის ფილმები და სერიალები ძალიან მომწონს. მინდა, ჩემს პერსონაჟს მისტიკური ძალა აღმოაჩნდეს და სასწაულების გაკეთება შეეძლოს (იღიმის).

ჟურნალისტობაზე ხომ არ გიფიქრია?

რატომაც არა? მსახიობობა იმიტომ მომწონს, რომ ბევრ სფეროში შეგიძლია ამ პროფესიით თავის მოსინჯვა, თუნდა ტელეწამყვანად. ხან ჟურნალისტის ამპლუაში მოგიწევს ყოფნა, ხან რაღაცის წამყვანად, ყველა შემთხვევაში გიწევს შეხება შოუბიზნესთან. მსახიობის ცხოვრება ბევრად მრავალფეროვანია, რაც ძალიან მომწონს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები