LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პანიკის საფუძველი არ არის, ეს პროგნოზირებადი იყო, სიტუაცია კონტროლირებადია” – ამირან გამყრელიძე

236
3213123-0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა ის რაოდენობა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება, მოულოდნელი არ ყოფილა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკა იხსნება, შემთხვევების ზრდა ბუნებრივია, თუმცა გამყრელიძე პანიკის საფუძველს ვერ ხედავს.

„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე ისაუბრა შესაძლო მეორე ტალღასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ  როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, ისე, კოვიდ-19 შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომაზე, აციების პერიოდში.

„რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში ძირითადად გლობალურად პროგნოზირებენ, რომ როგორც ყველა რესპირატორული ვირუსი, შეიძლება, გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენ, მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელია, გრიპთან ერთად, მოხდეს კორონავირუსული ინფექციის გააქტიურებაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები