LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯიქიაზე, სასაფლაოებთან მცემეს, იარაღი დამადეს”- ირაკლი გედენიძემ შემზარავი ამბები გაიხსენა

75

დაკავების შემდეგ  ჯიქიას ქუჩაზე, სასაფლაოებთან ამიყვანეს, დამაგდეს და მცემდნენ, შემდეგ იარაღი დამადეს, მოდულის შენობაში კი დამაჩოქეს, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ცემის დროს  ნიღბიანები სთხოვდნენ, ეღიარებიდა ” ვისთან იჯაშუშა”.

გედენიძის თქმით, ცემისგან თვალები ჰქონდა დასიებული.

“15-20 წუთი მირტყამდნენ ჯიქიას სასაფლაოზე, მერე ერთ-ერთმა იარაღი გადატენა და დამიმიზნა, აღიარე, ვისთან ჯაშუშობდიო. ხელი ავაფარე, არ გაგივარდეს იარაღიმეთქი”, – განაცხდა გედენიძემ.

მისი თქმით, ნაცემი მიიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, სადაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელმა წარმომადგენელმა დავით დევნოზაშვილმა გინების ფონზე დაიწყო მისი დაკითხვა.

“იქ იყო კიდევ ერთი პიროვნება, დაბალი, მელოტი ხანშიშესული მამაკაცი და როდესაც რაღაცებს ვერ ვიხსენებდი, კეფაში გაშლილ ხელს მირტყამდა. მერე ერთმა, რომელიც ცემაშიც მონაწილეობდა, გამიყვანა, კეფაზე ხელები დამაწყობინა და დაჩოქება მიბრძანა. შევასრულე ეს. ძალიან მიჭირდა დაჩოქება, მუხლი მაწუხებს. ჩაიცინეს, წამომაყენეს და ჩამიყვანეს სავარაუდოდ სარდაფში, კამერების განყოფილებაში. დამსვეს ხის სკამზე, დამისვევს ახალგაზრდა მაღალი მამაკაცი. იმან შიმიყვანა ექიმთან, დამათვალიერა ექიმმა და მკითხა, რამეს ხომ არ ვუჩიოდი. ძალიან ცუდად ვიყავი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. ვუთხარი, კიბეზე დავგორდითქო. ამ ახალგაზრდა ექიმმა ჩაიცინა და შეავსო რაღაც ფურცელი. მერე წამიყვანეს ბნელ კამერაში, სადაც გუგუნის ხმა ისმოდა”, – განაცახადა გედენიძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ ისევ გაიყვანეს საკნიდან.

“დევნოზაშვილი იგივე კითხვებს მისვამდა. მერე მითხრა, შენი შვილი დოლიძეზე სწავლობსო? რამე არ შეემთხვეს, გოგო გეზრდებაო. სკოლაში გზა უნდა გადაიაროს და რამე არ დაეჯახოსო. თქვენ ისეთი ბრალი გაქვთ, აქედან ვერ გამოხვალთ და ბავშვები უპატრონოდ რჩებიანო. ითხოვდნენ, გამეხსენებინა ის პირები, ვისთანაც ჯაშუშური ურთიერთობა მქონდა. მე ვერ ვიხსენებდი, რადგან ასეთი ურთიერთობები არ მქონია”, – განაცხადა გედენიძემ.

 

“ირმა ნადირაშვილმა მითხრა, აბა რა გეგონა, აქციაზე რომ დაეთრეოდიო”

პროკურორის შეკითხვაზე, რატომ აქვს შთაბეჭდილება, რომ მისი და მისი მეუღლის დაკავება 2011 წელს, 26 მაისის აქციაზე გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება, ირაკლი გედენიძემ ირმა ნადირაშვილთან  საუბარი გაიხსენა. ფოტოგრაფის თქმით, გათავისუფლების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ფოტოგრაფად მუშაობისას დატოვებული ნივთების წამოღება სურდა, რაც გაჭიანურდა და ამის შემდეგ დაუკავშირდა ირმა ნადირაშვილს.

„ირმა ნადირაშვილმა მიპასუხა და ვკითხე, ბოლო- ბოლო მაძლევდნენ თუ არა ჩემს ნივთებს. ნადირაშვილმა ტელეფონში მითხრა, აბა რა გეგონა, აქციაზე რომ დაეთრეოდიო”, – განაცხადა გედენიძემ.

 მისი თქმით, 26 მაისის აქციის ფოტოების გამო, მისი დასჯის შთაბეჭდილება ჯერ კიდევ გათავისუფლებამდე დარჩა, როდესაც ბადრაგმა ჰკითხა, ხომ არ იმყოფებოდა 26 მაისის აქციაზე.

ამასთან, გედენიძემ აღნიშნა, რომ ბრალდებული დავით დევნოზაშვილი 2011 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ხშირად ეკონტაქტებოდა და აკონტროლებდა.

“რეზონანსის“ ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ ჩემთან ჩაწერა ინტერვიუ. მორიგი დაკავშირებისას, დავით დევნოზაშვილმა მითხრა, ხომ არ გაგიჟდი, ეგ ინტერვიუ არ უნდა გავიდესო. შემდეგ დავუკავშირდი ჟურნალისტს და ვთხოვე, არ გამოექვეყნებინა”, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები