ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეის მონაცემებით სულ 50 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მაკა სოლოღაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, კლინიკას კოვიდით დადასტურებული ახალი პაციენტი გასული პარასკევის შემდეგ არ მიუღია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი იზრდება.
„კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტია. 50-დან „კოვიდ 19“-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 20-ს, აქედან ოთხი 18 წლამდე მოზარდია. ერთი მოზრდილი პაციენტია საყურადღებო. ახალი პაციენტები არ გვყოლია. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. მძიმე პაციენტი არ გყავს. ერთი პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. პარასკევის შემდეგ ახალი გამოვლენილი შემთხვევა არ გვაქვს. ორი მოზარდი და ერთი მოზრდილი გვყავს ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
სოლოღაშვილმა ასევე ისაუბრა მეზობელ სომხეთთან დაკავშირებით ვირუსის გავრცელების და შედეგების შესახებ და აღნიშნა, რომ ბოჭორიშვილის კლინიკა იმის მიხედვით იმოქმედებს, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ქვეყანაში ცენტრალიზებულად.
„მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად დაგეგმვა. არავინ იცის ხვალ, ორი დღის ან ორი კვირის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. ეს არის ჩვენი კლინიკის პოზიცია. ამ ეტაპზე ვართ მზად, რომ შიდა საჭიროებისთვის გვქონდეს რესურსი. დანარჩენი, რაც გადაწყვეტილებაც იქნება ცენტრალიზებულად მიღებული, ყველა იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი ბოქსირებული სექტორი შევსებულია და რესურსი გვაქვს, რომ შიდა საჭიროებისთვის არ მოვაკლოთ მზრუნველობა. ცალკეული კლინიკები არ მსჯელობენ ამაზე და ბოჭორიშვილის კლინიკა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას. ეს ხდება ცენტრალიზებულად“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.