ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის ახლობლების საპროტესტო აქცია ბათუმში გრძელდება. უკვე 17 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის ორი ქალია. დღეს აქციის კიდევ ორმა მონაწილემ პირი ამოიკერა. გუშინ კი პროკურატურის წინ პირი აქციის სამმა მონაწილემ ამოიკერა. ლავასოღლის ახლობლები თურქეთში, საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ, რომელიც 2018 წელს თურქეთში დააკავეს.
აქციის მონაწილეები პროკურატურისგან ითხოვენ ზუსტი დროის დასახელებას, თუ როდის მოხდება პატიმრის ექსტრადირება საქართველოში. ისინი ხვალიდან ქალაქის მთავრი ქუჩების გადაკეტვას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 2018 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ამ დრომდე თურქეთის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. პატიმრის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში გადმოყვანა. მათივე თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.