საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და ოპოზიციის ბოიკოტი ვეღარ იქნება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
,,როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, ბოიკოტი ვეღარ იქნება. განცხადებები მოვისმინე, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ამ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. არ არის პრობლემა, პასუხისმგებლობას ჩვენ ავიღებთ იმაზე, რასაც გავაკეთებთ. ათწლეულების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ, კონტექსტ-კონტექსტ შეცვლილი კონსტიტუცია იყო, რომლის ნაწილები იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის რა ინტერესები ჰქონდა, სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით. ეს დამოკიდებულება თანმიმდევრულ და გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე გათვლილი კონსტიტუციით იცვლება. ფაქტია, რომ კომისიის საქმიანობაში უპრეცედენტო ჩართულობა იყო და ამ პროცესში უმრავლესობასთან ერთად ოპოზიცია მონაწილეობდა. 22 აპრილს შემაჯამებელი სხდომა შედგება, რის შემდეგაც სახალხო განხილვების ეტაპზე გადავალთ, სადაც ხალხის აზრი და მათი პოზიციები გაზიარებული იქნება. პარლამენტში ეს დოკუმენტი ყველა პროცედურის დაცვით განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
”ევროპული საქართველო” და ”დემოკრატიული მოძრაობა” სავარაუდოდ, დღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების თაობაზე განცხადებას გააკეთებენ.