LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი საქართველოშიც ბრუნდება: ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება

207
IMGL0851

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.

ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, ეცნობა ყველა კლუბს.

საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ ეროვნულ ლიგას. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მატჩები გულშემატკივრის გარეშე გაიმართება

დავით მუჯირი – სფფ-ის გენერალური მდივანი:

“25 ივნისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდება, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ამ ლიგაზე. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მომდევნო კვირიდან ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების ყველა ფეხბურთელს ჩაუტარდება ტესტირება. ჩემპიონატის განახლებამდე მოთამაშეები განმეორებით ტესტირებას გაივლიან. ეს ყველაფერი დაფუძნებულია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც შესაბამისმა სამინისტროებმა მოგვაწოდეს.

საწყის ეტაპზე მატჩები გულშემატკივრის გარეშე გაიმართება. ჩვენ ეს ფაქტორი გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ, სანამ ქომაგები სტადიონზე დაბრუნდებიან ტურის მატჩები რამდენიმე დღეზე იქნება გადანაწილებული. პარალელურ რეჟიმში ფეხბურთის ფედერაცია იზრუნებს, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებიც განახლდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრიტასლბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის ყველა კლუბი საწევრო გადასახადისგან განთავისუფლდა. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია. ამასთან ერთად ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს ტესტირებისთვის საჭირო ყველა ხარჯს.

დიდ ხნიანი პაუზიდან გამომდინარე, ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგის ფორმატი შეიცვლება. დღევანდელი მოცემულობით, ეროვნულ ლიგა და ეროვნული ლიგა 2 ოთხის ნაცვლად ორ წრედ გაიმართება. სხვა ლიგები კი, სადაც გათამაშება ორ წრედ იყო დაგეგმილი, ერთი წრე დარჩება. ფორმატის ცვლილებასთან ერთად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაც გაგრძელდება. ყველა ზემოთ აღნიშნული ცვლილების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტი ინფორმირებულია.”

 

სატურნირო ცხრილი 2 ტურის შემდეგ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები