LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიავას ბაზრობა რეკრეაციული ზონა გახდება

559

ელიავას ბაზრობის ტერიტორია შესაძლოა რეკრეაციულ ზონად გადაიქცეს, ბაზრობამ კი ავჭალის არეალსა და მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლოს. ინიციატივა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშო ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელ მერაბ ბოლქვაძეს ეკუთვნის.

მისი თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხელოვნების ცენტრის, საგამოფენო დარბაზის, კინოთეატრის ან სხვა ფუნქციის ობიექტების მოწყობის ინიციატივით გამოდის. როგორც ბოლქვაძემ აღნიშნა, ამ პროცესში ელიავას ბაზრობის მფლობელების ინტერესები დაცული უნდა იყოს.

ამ ადამიანებსაც უნდა უღირდეთ გადასვლა და თანმიდევრულად, ნელ-ნელა ეს ტერიტორია რეკრეციული ფუნქციის გახდება. ამას სჭირდება გარკვეული დრო.  მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქგეგმარებითი პროექტები წლებში ვითარდება. თუ ქალაქს ექნება მიზანდასახულობა, რომ აქ შექმნას რეკრეციული ზონა, ჩვენს პროექტს განიხილავენ და ეს საზოგადოებრივად იქნება მიღებული, ამის შემდეგ ნელ-ნელა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია“ – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.



ჯერჯერობით უცნობია რა ვადაში განხორციელდება აღნიშნული პროექტი. როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, ამას მოლაპარაკებების შედეგები აჩვენებს.


ეს საკითხი აუცილებლად განიხილება

თბილისის მერიაში არ აკონკრეტებენ განხორციელდება თუ არა „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემუშავებული პროექტი, თუმცა როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი საინტერესოა და აუცილებლად განიხილება.
ნარმანიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამ არც ბიზნესი არ უნდა დააზარალოს და საზოგადოების ინტერესებზეც უნდა იყოს მორგებული.

გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია ელიავას ტერიტორიის რეკრეაციულ ტერიტორიად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალური ანგარიში და კონკრეტული მოსაზრებები. ეს საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება შემდგომ განხილვას“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

რეკრეაციული ზონის ადგილი სანაპიროა

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რეკრაციულ ზონად გადაქცევას მიესალმება და აღნიშნავს, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს.

„ზოგადად, რაც უფრო მეტი რეკრეაციული ზონა იქნება, მით უკეთესი ჩვენთვის. სანაპირო, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათავისუფლებული მაქსიმალურად. სანაპიროა ზუსტად რეკრეაციული ზონის ადგილი“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ ნინო ჩხობაძე.

 

გვანცა ბზიავა