აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის თინათინ ზოიძის თქმით, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ წელს განსხვავებულად მოგვიწევს დასვენება.
როგორც ზოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მუშავდება მექანიზმი როგორც უსაფრთხოების, ისე რეკომენდაცების დაცვის მონიტორინგის მიმართულებით.
„ყველა სტანდარტი ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს, ესაა: ჰიგიენის და დისტანციის დაცვა. ჩვენ შემთხვევაშიც, ის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია როგორც სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისთვის, იგივე პრინციპია საზღვაო ინფრასტრუქტურის შემთხვევაშიც და ეს არის მაქსიმალურად დისტანცია, როგორც პლაჟზე შეზლონგებს შორის, ისე პლაჟზე მყოფ ადამიანებს შორის“, – განაცხადა ზოიძემ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ სპეციალური რეგულაციები შემუშავდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც პლაჟზე სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ.
„იმ მომსახურებებს, რაც ხელით შეხებასთან, ნაღდ ანგარიშსწორებასთან არის დაკავშირებული განსაკუთრებულად უნდა მივაქციოთ ყურადღება. აღნიშნული საკითხის განხილვა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით“, – განაცხადა ზოიძემ.