LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში საქართველოც ჩაერთვება?

236

ინდოეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთის საზღვაო გადაზიდვების, საავტომობილო ტრანსპორტისა და მაგისტრალების მინისტრს ნითინ ჯაირამ გადკარსა და ინდოეთის რკინიგზის მინისტრს სურეშ პრაბჰუს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ისაუბრა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობაზე.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იყო ქართული მხარის დაინტერესება მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში ჩართვის შესახებ, რაც გულისხმობს მუმბაის ნავსადგურიდან ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიების გავლით, ფოთის და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით ტვირთების ევროპაში სწრაფ გადაზიდვას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ შეისწავლიან საქართველოს ჩართულობისა და ამ მიმართულებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს.

გიორგი გახარიამ გამოთქვა სურვილი, რომ ორი ქვეყნის სარკინიგზო უწყებებს  შორის ჩამოყალიბდეს ახლო ურთიერთობა და უკვე ტექნიკურ დონეზე მოხდეს მუმბაის კორიდორში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლოების განხილვა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს და მონაწილეობას ახალი აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანში, სადაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ამ პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანასთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დერეფანში უკვე წარმატებით განხორციელდა სატესტო მატარებლების ტრანზიტით შემოსვლა ჩინეთის პორტებიდან, რასაც მაქსიმუმ 14 დღე დაჭირდა. შეხვედრაზე  ითქვა, რომ საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება ერთიანი ტარიფების შესახებ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტვირთნაკადებს აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანში.

ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლებთან  გიორგი გახარიამ ასევე ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პროექტი კიდევ უფრო გაზრდის როგორც აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის სარკინიგზო პოტენციალს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას როგორც დროის, ასევე ფასების ნაწილში.