საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა – ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ძალიან მძიმე, ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გასწია ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ფინანსთა სამინისტრომ ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით. ეს პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომლებსაც ჩვენ ვაანონსებთ და ვახორციელებთ 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განსაკუთრებით, სივრცითი მოწყობის მიმართულებით. პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი განხორციელდება და იქცევა რეალობად. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე. ასევე მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის კარგი, კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკრო დონეზეც. ჩვენი ვალია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის ძალიან პოზიტიური სიგნალი ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს.