LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღაპარი რეალობაში – პრინცესები არასამეფო წარმომავლობით

500
Untitled design

ქეით მიდლტონის და მეგან მარკლის ისტორიები ალბათ ყველამ კარგად იცის. მიუხედავად იმისა,რომ არც-ერთ მათგანს სამეფო წარმომავლობა არ აქვს, ქეითი და მეგანი გაერთიანებული სამეფოს პრინცების, უილიამის და ჰარის მეუღლეები არიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახების წევრების ჩვეულებრივ მოკვდავებზე ქორწინების შემთხვევები არც ისე იშვიათია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

წარმოგიდგენთ კიდევ ათ პრინცესას, რომლებსაც კონკიას ზღაპარი რეალობაში გადახდათ თავს:

გრეის კელი – მონაკოს დედოფალი

ჰოლივუდის ვარსკვლავი და ალფრედ ჰიჩკოკის მუზა, უმშვენიერესი გრეის კელი მონაკოს სამეფო ოჯახის წევრი მას შემდეგ გახდა, რაც მონაკოს პრინც რენიე III-ზე იქორწინა. დაქორწინების შემდეგ კელის სამსახიობო კარიერის დასრულება მოუწია. რენიემ მონაკოს ტერიტორიაზე მისი მონაწილეობით ყველა ფილმის ჩვენება აკრძალა. სამეფო წყვილს სამი შვილი შეეძინა. გრეის კელი 1982 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

მიჩიკო შოდა – იაპონიის იმპერატრისა

მიჩიკო შოდა მომავალ მეუღლეს, იმპერატორ აკიჰიტოს, რომელიც მაშინ ტახტის მემკვიდრე გახლდათ 1957 წელს, ჩოგბურთის თამაშის დროს შეხვდა. მათ ქორწინებას იაპონიის მაშინდელი იმპერატრისა, აკიჰიტოს დედა და არაერთი ოფიციალური პირი ეწინაარმდეგებოდა, თუმცა აკიჰიტო შეუვალი აღმოჩნდა. მიჩიკო იაპონიის ისტორიაში სამეფო ოჯახის პირველი წევრი გახდა,რომელსაც სამეფო სისხლი არ ჰქონდა. მან იმპერატორს სამი შვილი გაუჩინა. მიჩიკო და ჰიროჰიტო უკვე 60 წელზე მეტია, ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებიან.

სილვია ზომერლეტი – შვედეთის დედოფალი

მიჩიკო შოდას მსგავსად, სილვია არა პრინცესა, არამედ დედოფალია. იგი შვედეთის მეფის, მისი უდიდებულესობა კარლ გუსტავ XVI-ის მეუღლე გახდა. სილვია კარლ-გუსტავს, რომელიც მაშინ პრინცი იყო, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე შეხვდა. ერთი წლის შემდეგ კარლ-გუსტავი შვედეთის ტახტზე ავიდა, 1976 წელსკი წყვილმა იქორწინა. მათ სამი შვილი და 7 შვილიშვილი ჰყავთ.

შარლინ უიტსტოკი – მონაკოს პრინცესა

შარლინი სამეფო ქორწილამდე პროფესიონალი მოცურავე გახლდათ და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზეც მონაწილეობდა. მან პრინცი ალბერტ II მონაკოში, ცურვის ერთ-ერთი ტურნირის დროს, 2000 წელს გაიცნო. წყვილმა ურთიერთობის შესახებ საჯაროდ 2006 წელს,ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. 2011 წელს შარლინი პრინც ალბერტზე დაქორწინდა და მონაკოს პრინცესას ტიტული მიიღო. 2014 წელს წყვილს ტყუპები შეეძინა.

მასაკო ოვადა – იაპონიის იმპერატრისა

მას შემდეგ, რაც 1986 წელს ჰარვარდის ეკონომიკის ფაკულტეტი დაასრულა, მასაკო ოვადა ტოკიოში სამართლის შესასწავლად დაბრუნდა, სადაც მალევე შეხვდა ტახტის მემკვიდრეს, პრინც ნარუჰიტოს (მიჩიკო შოდას ვაჟს). წყვილი ერთმანეთს ჩაის სმის ცერემონიალზე შეხვდა. მას შემდეგ, რაც ნარუჰიტომ ხელი მეორედ სთხოვა, მასაკომ წინადადება მიიღო. ისინი 1993 წელს დაქორწინდნენ, 2001 წელს კი პრინცესა აიკო შეეძინათ. ნარუჰიტო იაპონიის იმპერატორი გასული წლის 1 მაისს გახდა, მასაკო კი შესაბამისად,იაპონიის იმპერატრისაა.

ლეტისია ორტისი – ესპანეთის დედოფალი

ლეტისია ორტისი ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გახლდათ, როდესაც ესპანეთის პრინცი ფილიპე გაიცნო. წყვილმა 2004 წელს იქორწინა. ეს ლეტისიასთვის მეორე ქორწინება იყო. მან პრინცს ორი ქალიშვილი გაუჩინა. მას შემდეგ, რაც ფილიპეს მამამ, მეფე ხუან-კარლოს I-მა 2014 წელს ტახტზე უარი განაცხადა, ფილიპე ესპანეთის მეფე, ხოლო ლეტისია დედოფალი გახდა.

მერი-ელიზაბეტ დონალდსონი – დანიის პრინცესა

მერი-ელიზაბეტი დანიის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ფრედერიკს 2000 წელს სიდნეიში, ოლიმპიადის მსვლელობისას შეხვდა. იგი დანიაში საცხოვრებლად 2002 წელს გადავიდა და ,,მაიკროსოფტში” პროექტების კონსულტანტად მუშაობა დაიწყო. წყვილმა 2004 წელს იქორწინა. მათ 4 შვილი ჰყავთ.

სონია ჰარალდსენი – ნორვეგიის დედოფალი

სონიამ ნორვეგიის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჰაროლდი 1959 წელს გაიცნო. ნორვეგიის მეფემ, ოლავ V-მ წყვილს დაქორწინების ნება მხოლოდ 9 წლის შემდეგ, 1968 წელს მისცა. ჰაროლდი ნორვეგიის სამეფო ტახტზე 1991 წელს, მამამისის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. სამეფო წყვილს 2 შვილი ჰყავს.

რანია ალ აბდულა – იორდანიის დედოფალი

იორდანიის მედე აბდულა ბინ ალ-ჰუსეინზე დაქორწინებამდე რანია CitiBank-ის და Apple-ის მარკეტინგში მუშაობდა. იგი მომავალ მეფეს 1992 წელს, საზეიმო სადილზე შეხვდა. ერთი წლის შემდეგ აბდულა და რანია დაქორწინდნენ. პრინცი იორდანიის სამეფო ტახტზე 1999 წელს ავიდა. წყვილს 4 შვილი ჰყავს.

ტატიანა ბლატნიკი – საბერძნეთისა და დანიის პრინცესა

ტატიანა საბერძნეთის პრინცესაა. ქვეყნის,რომლეშიც მონარქია 1974 წელს გაუქმდა. იგი საბერძნეთის უკანასკნელი მეფის და დედოფლის, კონსტანტინე II-ის და დანიის პრინცესა ანა-მარიას ვაჟზე, პრინც ნიკოლაოსზეა დაქორწინებული. 2003 წელს ტატიანამ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და პრინცს ამავე წელს შეხვდა.წყვილი 2010 წელს დაქორწინდა.