აჭარული ხაჭაპური, ჩაქაფული, ხინკალი და მწვადი გერმანულ ქალაქში – დიუსელდორფში პირველი ქართული ბარ-რესტორნი გაიხსნა, სახელწოდებით Pepella. როგორც რესტორნის ქართველი დამფუძნებლები ამბობენ, Pepella-ს გახსნამდე მათ გერმანელ მომხმარებელზე დაკვირვება აწარმოეს.
”რესტორნის გახსნამდე, ქათულ კერძებს ვამზადებდით და ჩვენს გერმანელ მეგობრებს ვთავაზობდით, რომლებსაც ჩვენი კერძები ძალიან მოსწონდათ . სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ აქ რესტორანი გაგვეხსნა. შევარჩიეთ ადგილი და ყველაფერი ჩვენი ძალისხმევით გავაკეთეთ”, – აღნიშნეს დამფუძნებლებმა.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბარ-რესტორანი დიუსელდორფში ახალი გახსნილია, მოთხოვნა უკვე მზარდია და არც სტუმრების სიმცირეს უჩივის.
”ხალხს ძალიან მოსწონს ქართული კერძები, გვყავს როგორც გერმანელი, ასევე საქართველოდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული სტუმრებიც, მათ შორის აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან”, – აცხადებენ Pepella-ში.
ქართული ბარ-რესტორანი გერმანიაში მომხმარებელს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, მასპანძლობს. აქ შესაძლებელია ოცამდე ქართული კერძისა და სხვადასხვა სასმელის დაგემოვნება. მათ შორის: ხინკალი, მწვადი, ჩაქაფული, ფხალეულობა, სალათები, ხაჭაპური, ლობიანი და სხვა… რაც შეეხება სასმელს, რესტორანი მომხმარებლებს როგორც ქართულ, ისე იტალიური ასორტიმენტის ღვინოებს, ქართული მინერალურ წყალსა და ლიმონათებს სთავაზობს.
ცნობისთვის, ქართული ბარ-რესტორნი დიუსელდორფში მარტის ბოლოს გაიხსნა. ის სამმა ქართველმა მეგობარმა: კახაბერ გაბელაიამ, რატი წაქაძემ და ელენე ყიფიანმა გახსნეს.