საქართველოს ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა 1939 წელს 26 მაისს დაიბადა.
მომავალი გმირის წინაპრები ქუთაისელი მეღვინეები იყვნენ. მერაბის ბაბუა, იაკობ კოსტავა რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო. მის ოჯახში იკრიბებოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. ამ შეხვედრებმა მერაბის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.
1946 წელს მერაბ კოსტავა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში შეიყვანეს (ახლანდელი კლასიკური გიმნაზია). სწორედ ამ სკოლაში გაიცნო მისი მომავალი თანამებრძოლი, ზვიად გამსახურდია.
1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“.
მერაბ კოსტავა 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბი 3 წელი პერმში იხდიდა სასჯელს, 2 წელი გადასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი – 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მერაბ კოსტავას მეუღლე რუსუდან ბერიძე და შვილი ირაკლი კოსტავა
დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ირაკლი კოსტავას თავი არ მოუკლავს, თუმცა ეს საქმე არავის გამოუძიებია.
საბჭოთა კავშირში არსებობდა გულაგები, ეს შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო იყო.
გულაგში იმყოფებოდა მერაბ კოსტავაც. მან ამ გაუსაძლის პირობებში 120 დღე იშიმშილა.
მერე კი ისევ კარცერში დააბრუნეს. საკუთარ უბედურებასთან…
“გამარჯობა, რუსუდან…
გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც.
უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს.
იმედი მაქვს შენ ამ ძალებს იპოვნი.
ვარ იგივე მდგომარეობაში.. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით.
შევხვდებით კი ოდესმე?!
მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
ზვიად გამსახურდიასთან ერთად ის სათავეში ჩაუდგა საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
1989 წლის 13 ოქტომბერს ის საეჭვო ვითარებაში, ავტოავარიისას გარდაიცვალა. დღემდე საუბრობენ, რომ ავტოშემთხვევა განგებ მოხდა.
ვის აწყობდა მერაბ კოსტავას სიკვდილი? ალბათ მას, ვინც ფიქრობდა, რომ ზვიად გამსახურდია თანამებრძოლის გარეშე უნდა დარჩენილიყო და მისი დამარცხება ამ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნებოდა.
მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.