ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დღეს ყველა საუბრობს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე. თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს.საბედნიეროდ წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი არ არის ან პოლიტიკური მხარე, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა. ვერც ვერავინ გაბედავდა მასიურად მის გამოსარჩლებას, რადგან მაშინვე პოლიტიკურ სარჩულს მიაწებებდნენ.
ჩვენს პრაქტიკაში სამწუხაროდ ხშირია შურისძიების, ამბიციის დაკმაყოფილების ან მიზნის მიღწევის საშუალებად ქალის მხრიდან მამაკაცის დასმენა ვითომდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის თაობაზე. ფაქტია, რომ ისინი ახერხებენ დაუნგრიონ კარიერა და ცხოვრება სამიზნე ობიექტს. სასამართლოს განაჩენს კი დრო სჭირდება და ვიდრე განაჩენი დადგება, ზოგჯერ აღარც ახსოვთ ხოლმე საქმე, რადგანაც წინასწარ გამეფებული საზოგადოების აზრი და მიზანმიმართული ანტიპიარი ადამიანის ბედს წინასწარ წყვეტს.
ბუნებრივია პარალელს ვავლებ ჩემ წარმოებაში არსებულ საქმეებზე. ერთ – ერთი მათ შორის ილია ჯიშკარიანის საქმე ნათელი მაგალითია ასევე ცილისწამების და პოლიტიკური მანიპულაციებისა. მახსოვს რამხელა ძალადობა განხორციელდა ჩემზეც და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფზეც, მთავარი მიზეზი კი მისი პოლიტიკური მიკუთვნებადობა იყო. ეს საქმე ძალიან საჭირო იყო ოპონენტი მხარეებისთვის, რადგან ძალიან მარტივად ის ,,ქართული ოცნების” დეპუტატია და თავად ეს ფაქტი უკვე ერთგვარი განაჩენი აღმოჩნდა.
ძვირფასო საზოგადოება მოგმართავთ გულითადი თხოვნით, რომ დავინდოთ ერთმანეთი. მართლმსაჯულებას სჭირდება დრო, ვიდრე სასამართლო დაადგენს სიმართლეს ადამიანებს ნუ გამოვუტანთ ჩვენვე განაჩენს, ფსიქოლოგიური ტერორი ანგრევს ადამიანს. ნერვიულობა კლავს ადამიანს და ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენი დამოკიდებულებებით, ბულინგით, დაცინვით ვკლავთ ჩვენივე თანამოქალაქეებს”,- წერს მარიამ კუბლაშვილი ფეისბუქში.