საქართველოს განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების ბოლო, მეექვსე ეტაპზე ჩატარდება. მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სამინისტრო პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების უფლების გაცემას ეტაპობრივად დაიწყებს. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის ყველა უნივერსიტეტის რექტორთან გავლილია დეტალური საკითხები, მათ შორის გრაფიკთან დაკავშირებითაც. ამის შესახებ ჩხენკელმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.
„ფინალური გამოცდები ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების ფინალურ, მეექვსე ეტაპზე. თქვენ იცით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა დაყოფილია ეტაპებად და მეექვსე ეტაპზე, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პროცესებს, უნივერსიტეტებში ჩატარდება ფინალური გამოცდები. ონლაინ-ფორმატში გვქონდა რექტორთა საბჭოს შეხვედრა, ყველა უნივერსიტეტის რექტორთან გრაფიკთან დაკავშირებული დეტალები გავიარეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ მეექვსე ეტაპამდე ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების უფლების გაცემას. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია და სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტები უკვე თვის ბოლოდან შეძლებენ, ეტაპობრივად დაიწყონ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, რომლებიც შინაარსიდან გამომდინარე ონლაინ-რეჟიმში ვერ ჩატარდებოდა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიო რეკომენდაციები, სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც ამ პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.