რუსუდან კერვალიშვილის შვილი, ნინო დარასელი ამბობს, რომ სასამართლოს განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ, რადგან “სახელმწიფომ რამდენიმე ადამიანის შურისძიების აქტი აღასრულა.”
“მე არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ასე გაენადგურებინათ ერთი ოჯახი. 3 ოჯახის წევრი ციხეში, მეოთხე უმძიმესი დიაგნოზით. დაჭერა და განადგურება რომ გამოსავალი ყოფილიყო, რუსუდანი ჯერ კიდევ 2013 წელს ითხოვდა დაკავებას, მაიას თავისუფლების სანაცვლოდ, რომ მას დაყადაღებული ქონების ხარჯზე დაესრულებინა მშენებლობები. მაგრამ სახელმწიფომ რამდენიმე ადამიანის შურისძიების აქტი აღასრულა.
დაზარალებულების დაკმაყოფილების ინტერესი ჩვენზე მეტად ვერავის ექნებოდა,თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ ჩვენი პრობლემები დასრულდებოდა მაშინ,როდესაც დასრულდებოდა მათი.
4 წელი კი გავიდა უაზრო სასამართლოებში, ამ დროს რაც ნახევრად აშენებული იყო, ისიც კი ამორტიზდა, ხალხი კიდევ უფრო დაზარალდა, ოჯახი დაინგრა და განადგურდა.
ბიჭებს ეშინიათ ხოლმე დაჭერის და ” პაბეგში” მიდიან,მერე აგვარებენ, ჩამოდიან, ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. ჩემებს კი ერთი წამით პასუხისმგებლობისგან გაქცევა არ უცდიათ. იმასაც ვერ ვიტყვით – მთავარია ჯანმრთელობაო, ეგეც აღარაა.
მიუხედავად ყველაფრისა გამაოცეს ადამიანებმა თავისი სიკარგით, სიკეთით და გვერდზე დგომით. ეს მაძლევს მხოლოდ იმედს,რომ ასეთი ადამიანების ხარჯზე ყველაფერი მაინც კარგად იქნება.მიყვარხართ და დიდი მადლობა,” – წერს დარასელი “ფეისბუქზე.”
ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.
კერვალიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.