საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მალე კონკრეტული თარიღები გახდება ცნობილი, თუ როდის აღდგება კონკრეტული მიმართულებები.
„სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არამარტო დასტური ავიაკომპანიების, არამედ კონკრეტული თარიღები ფრენების. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან: „ვიზეარი”, „რაინეარი”, რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, „თურქეთის ავიახაზები”, „ისრაელის ავიახაზები”, „ყატარი”, ეს არის 20-ზე მეტი ავიაკომპანია, ვინც მზადყოფნას აცხადებს“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია იმის, რომ ჩვენ მართლაც ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება. “იმიტომ, რომ ჩვენ დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვის, ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებით ჩამოვა უცხოელი ტურისტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, კონკრეტულ ქვეყნებთან გარკვეული მიღწევები გვაქვს და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ.