LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანაზე სასჯელი მცირდება, გაუქმდება თუ არა პატიმრობა “კლუბურ ნარკოტიკზე”

227

კანონში კანაფისა და მარიხუანის რაოდენობის განსაზღვრება იცვლება. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცვლილება კანაფის დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობას ეხება.

ცვლილების მიხედვით, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამი ჩაითვლება.

დღემდე არსებული კანონით კი, მარიხუანის შემთხვევაში, დიდი ოდენობა გამომშრალის შემთხვევაში იქნება 70 გრამი 50-ის  ნაცვლად, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140 გრამის  ნაცვლად 100 გრამი.

კანონში უცვლელი რჩება აღნიშნული ნივთიერებების მცირე, ასევე მარიხუანის ნედლი და გამომშრალი  განსაკუთრებით დიდი ოდენობის მაჩვენებლები.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება კანაფისა და მარიხუანის შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობაც, ჯარიმა  500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი – უქმდება.

საკანონმდებლო ინიციატივების წინაპირობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია.

 

 შეცვლის თუ არა რეალურ სურათს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატაივა და არის თუ არა დაგეგმილი  ცვლილება დეკრიმინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი

 ნარკოპოლიტიკაში შესატანი ცვლილებების აუცილობლობაზე საუბრობს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე.

დეპუტატი ფიქრობს, რომ  პრობლემა სერიოზულია და მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ვერ დარეგულირდება. შესაბამისად დღის წესრიგში  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხი დგას.

” ნარკომომხმარებელი დაპატიმრებული არ უნდა იყოს და მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო რეალიზატორების მიმართ, პირიქით, კანონი უნდა გამკაცრდეს; რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობას,  რას ეყრდნობა კონკრეტული ციფრების ცვლილება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ”- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

საკანონმდებლო ინიციატივას დადებითად, თუმცა არაეფექტურად   აფასებს რადიო ”ფორტუნასთან” საუბარში პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

 ”ინიციატივა  კარგია ,მაგრამ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული ეს ცვლილებები ძირითადად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეყრდობა და   საბოლო ჯამში არაეფექტური და არასაკმარისია.  სადამსჯელო მანქანა კვლავ  შინაგან საქმეთა სამინისტროს  ხელში რჩება და მთავარი მიზანი, ჯარიმებით რაც შიძლება მეტი თანხის ამოღება, ისევ ძალაშია.”

 ზურაბ ჯაფარიძე ერთადერთ გამოსავალს სრულ  დეკრიმინალიზაციაში ხედავს.

 “მსოფლიოს ცივილეიზებული ნაწილი აქეთ მიდის და რამდენიმე დღეში კანადაც მიიღებს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ” – ამბობს ”გირჩის” ლიდერი

მარიხუანის ლეგალიზაციის თემა აქტიურად განიხილება ქართულ ფორუმებსა და სოციალურ ქსელშიც. ინტერნეტმოხმარებელთა უმრავლესობა სასჯელის სრულად გაუქმების მომხრეა.

 გვანცა 22 წლის : დეკრიმინალიზაცია იმდენად ყბადაღებული თემაა , ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობას ვითომდა ცვლილებებით თვალი აუხვიოს , ამ შემთხვევაში  რეალურად არაფერი იცვლება, დასჯის პრინციპი ძალაშია, მაშინ, როცა მარიხუანის მოხმარება ჩემი, როგორც პიროვნების არჩევანია, ისევე, როგორც სიგარეტის მოწევა და ამისთვის მე საერთოდ არ უნდა ვისჯებოდე. სასჯელის გაუქმება – ეს იქნებოდა რეალური ცვლილება და არა გრამების და ჯარიმის ციფრების ცვლა .”

ირაკლი 31 წლის : საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და თავის მოტყუებაა, ეს არ არის კანონის შერბილება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,ნებისმიერი ჯარიმით  მომხმარებელი ყოველთვის უკმაყოფილო იქნება. თუ მივდივართ ლიბერალიზაციისკენ, საერთოდ მოიხსნას სასჯელი. სასჯელი შეიძლება იყოს ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვისთვის და არა მარიხუანის ქოთანში დათესვის გამო .”

ცვლილებას ითხოვენ “კლუბური ნარკოტიკის” მოხმარებაზეც

“ევროპული საქართველო” ე.წ. კლუბური მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გაუქმების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა, ყაჩაღობისთვის, გაუპატიურებისთვის და ამბოხებისა და შეთქმულებისთვის სასჯელი 6-7 წელია, მსუბუქი “კლუბური ნარკოტიკის” მოხმარებისთვის პირი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა არალიბერალურია.

დეპუტატის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება

 

თამუნა გოგუაძე 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები