იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველმა დაასახელა კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიხსნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყნის ტურისტული ბაზარი, ძალიან დიდი სტიმული მისცა საერთაშორისო ავიაკომპანიებს, აღადგინონ ფრენები ჩვენი მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის დაანონსების შესახებ კომენტარისას განაცხადა.
მისივე თქმით, საავიაციო კომპანიების უმრავლესობა, ვინც ჩვენს ბაზარზე ოპერირებდა, უკვე მზად არის განაახლოს ფრენები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფრენები განახლდეს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით – იქნება ეს თბილისის, ქუთაისისა თუ ბათუმის აეროპორტი. ამასთან, პრიორიტეტულია, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების – „ვიზიეარისა“ და „რაინეარის“ ფრენები. ორივე ამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებში საკმაოდ პოზიტიურად ვართ დაწინაურებული, გვაქვს წინასწარი თანხმობა და მათ საჯაროდაც განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით ფრენებს აღადგენენ, რაღაც პერიოდის მანძილზე კი კვლავ ძველ ნიშნულებს დაუბრუნდებიან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
Ryanair ფრენების 40%-ს 1 ივლისისთვის აღადგენს – გეგმაში საქართველოცაა