კორონავირუსის ეპოქაში, როცა ადამიანებთან კონტაქტი შესაძლოა ძალიან საშიში იყოს, ბევრიქ ქვეყნის მთავრობა, აეროპორტი თუ საავადმყოფო თავის საქმიანობაში რობოტებს იყენებს. ხელოვნურ ინტელექტს საკვების დარიგება, გაფრთხილებების მიცემა და სხვა დავალებების შესრულება შეუძლია.
სინგაპურის მთავრობა კიდევ უფრო შორს წავიდა და Boston Dynamics–ის მიერ დამზადებული ოთხფეხა რობოტი პარკში გაუშვა, რათა მან ვიზიტორებს სოციალური დისტანციის მნიშვნელობა შეახსენოს. საქმე ისაა, რომ პარკში ინდივიდუალური სეირნობა არ აკრძალულა და წესების დაცვა ვინმემ უნდა გააკონტროლოს. სწორედ ამიტომ, პატრულირება რკინის ძაღლმა დაიწყო და დასაწყისისთვის პროგრამა 2 კვირის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
რობოტი მრავალი კამერითაა აღჭურვილი და მის მიერ გადაღებულ მასალას დამსვენებელთა რაოდენობის დასადგენად გამოიყენებენ, პირადი მონაცემების შეგროვებას ხელისუფლება გამორიცხავს. გარდა ამისა, ძაღლს ადამიანებს შორის მანძილის გამოთვლა და საჭიროების შემთხვევაში შენიშვნის მიცემაც შეუძლია. ხელოვნური ინტელექტი დისტანციურად იმართება და თუკი მისი საქმიანობა წარმატებული იქნება, პარკის ადმინისტრაცია მას სამომავლოდ, პიკი საათების დროსაც გამოიყენებს ხოლმე.
რობოტის დახმარებით თანამშრომლებს საქმე შეუმცირდებათ და ვირუსის გავრცელების რისკიც ნაკლები იქნება.
აღსანიშნავია, რომ სოციალური დისტანციის დაცვისკენ რობოტები მოქალაქეებს ჩინეთსა და შტატებშიც მოუწოდებენ. მაგალითად, ჩინეთში თითქმის ყველა ქუჩაზე გადაადგილდება რობოტი პატრული, რომელიც ადგილობრივებს არამხოლოდ დისტანციის დაცვას, არამედ უსაფრთხოების სხვა წესებსაც ახსენებს.
Just received the most Singaporean pandemic content from a mate based in the little red dot pic.twitter.com/vqgnQ5F4D9
— Soon-Tzu Speechley 孫子 (@speechleyish) May 8, 2020