პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კიდევ 2 პაციენტი კი სპონტანურ სუნთქვაზეა. მათთან უარყოფითი დინამიკა არ შეიმჩნევა. ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტთა შორის ერთი ინფიცირებული 47 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკაში 14 დღის წინ მიიღეს. რატიანის განცხადებით, მასთან ჩატარებულმა მკურნალობამ დადებითი შედეგი მოიტანა.
ლევან რატიანის განცხადებით, 80 წლის ქალბატონის ჯამნრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასაკოვანი პაციენტი კლინიკაში 3 კვირაა მკურნალობს. ის დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. რატიანი აცხადებს, რომ ასაკოვანი ქალი 3 დღის წინ მოხსნეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება.
“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 61 ინფიცირებული პაციენტი. 4 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 2 მართვითი სუნთქვის, 2 კი სპონტანური სუნთქვის აპარატზეა. მათთან, ვინც სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფებიან, გვაქვს დადებითი დინამიკა. გვყავს 47 წლის მამაკაცი, რომელიც 14 დღის წინ მივიღეთ ორმხრივი პნევმონიით. მასთან მკურნალობით მიღწეულია დადებითი შედეგი. გვყას 80 წლის ქალბატონი, რომელიც კლინიკაში 3 კვირის წინ მძიმე მდგომარეობით მოვიდა. შემოსვლის დღიდან შეერთებული იყო მართვითი სუნთქვის აპარატზე. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და 3 დღის წინ მოიხსნა აპარატიდან. ასევე გვყავს კიდევ ერთი ასაკოვანი, 70 წლის ქალბატონი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან, გადიან შესაბამის მკურნალობას და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში 2 ორსული კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ. რატიანი აცხადებს, რომ მათთან არანაირი უარყოფითი დინამიკა არ შეიმჩნევა.
კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით დღეს დაწესებულებიდან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება, ხოლო რამდენიმე ადამიანის განმეორებით პასუხებს ლაბორატორიიდან დღის ბოლოს ელოდებიან.