“თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდით არცერთ გამოწვევას”, – ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს. ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მინისტრისა და სასწრაფო დახმარების ექიმების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
შეხვედრისას ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კოვიდინფექციასთან წარმატებულად ბრძოლაში სასწრაფოს თანამშრომლების უდიდესი როლის არდანახვა შეუძლებელია.
“გამორიცხულია ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულმა ჩვენგანმა სამადლობელო სიტყვები არ გითხრათ თქვენი დამსახურებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსაც, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად – ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდით არცერთ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში არათუ საქართველომ, მსოფლიომაც კი არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.