გალარების პროგრამა დასრულდა – განაცხადების მიღება შეწყდა, თუმცა სამუშაო პროცესი გალარებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გრძელდება.
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის შედეგად 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა – პროგრამით 4500–მა ადამიანმა ისარგებლა.
„ამ პროგრამის შედეგად 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი, ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ. სესხი დოლარიდან ლარში, მომხმარებელთა მხოლოდ 16.6%–მა გადაიტანა.
რამდენად გამართლებული იყო კონრეტულ შემთხვევებში სესხების გალარება და შეიცავდა თუ არა ეს ტრანზაქცია რაიმე რისკს, ამასთან დაკავშირებით მსურველებს კონსულტაციას ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ უწევდა.
თავად ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ სესხი გაალარა –თანაც ფიქრობს რომ საკმაოდ კარგ პირობებეში.
„კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ სამომავლოდ სავალუტო რისკებისგან დაზღვეული ვიქნები. მე მოვახერხე, რომ ამ ბოლო ორ თვეში ყველაზე დაბალი კურსის დროს გამელარებინა სესხი – მოვასწარი“, – განაცხადა საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ.
მისი თქმით, გალარების პროგრამის სარგებელი ინდივიდუალურია. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ეს ოპერაცია, გარკვეულ რისკსაც მოიცავდეს.
„ინდივიდუალურად ვუთვლიდით მომხმარებლებს სესხებს. აქედან გამომდინარე ვაძლევდით რჩევას, მიიღებდნენ თუ არა რაიმე კონკრეტულ შეღავათს. თუმცა გადაწყვეტილებას, ღირდა თუ არა გალარება, თავად იღებდნენ.
ზოგადად, საფინანსო და საკრედიტო პროდუქტები გარკვეულ რისკს მოიცავს და თუ სწორად და ჭკვიანურად არ მოუდგები, სწორი ფინანსური განათლებით, შეიძლება დაზარალდე კიდეც. ეს ახასიათებს არა მხოლოდ გალარების პროგრამას, არამედ ზოგადად, საკრედიტო პროდუქტებს. ამიტომ ჯობია, ჩვენ ორგანიზაციას მომართონ ადამიანებმა და შემდგე მიმართონ საკრედიტო დაწესებულებებსა და ბანკებს“, – განაცხადა კეპულაძემ „ფორტუნასთან“.
საერთო ჯამში „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ვინც სესხი გაალარა, გრძელვადიან პერიოდში მაინც მოგებული დარჩება, რადგან ქვეყანაში საკმაოდ არასტაბილური და მერყევი ვალუტაა.
„ამ პროგრამაზე, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინი იყო, თუმცა, მე არ მქონდა ასეთი მოლოდინი, რომ ამდენი ადამიანი გაალარებდა სესხს. საბოლოო ჯამში ალბათ 15–20% იქნება გალარებული. მაგრამ ვინც მოახერხა და დააზღვია თავისი სავალუტო რისკები უფრო მეტად, ალბათ მოგებული დარჩება, რადგან როგორც ვუყურებთ, ვალუტის კურსი საკმაოდ მერყევი და არასტაბილურია, ეს კი მათ ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს, ვისაც სეხები უცხოურ ვალუტაში აქვთ, შემოსავალი კი ეროვნულ ვალუტაში“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
სწორედ ამის გამო გადაწყვიტა „ფროტუნას“ რესპონდენტმა სესხის გალარება. მას იპოთეკური სესხი 1.82 კურსით ჰქონდა აღებული.
შ.ბ. პროგრამაში მისი დაწყებისთანავე არ ჩაერთო. გარკვეული დროის განმავლობაში მსესხებელი ლარის კურსის დაწევას ელოდებოდა. რისკები და შანსები თავად გამოითვალა და კმაყოფილიც დარჩა.
„საბოლოო ჯამში, მაინც წაგებული დავრჩი 8000 ლარით, იმიტომ რომ როცა მე სესხი ავიღე კურსი 1.82 ლარზე იყო. ახლა კი 2.64 ლარის დროს გავალარე, მთავრობამ 20 თეთრი დააფინანსა და გამოვიდა, რომ გალარების აქციით შევძელი და სესხი 2.44 ლარის პირობებში დავასტაბილურე. არ მაქვს იმის იმედი, რომ საქართველოში დოლარი 2.30–ის ქვევით მაინც ჩამოვა, ამიტომ ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და რისკები თავიდან ავიცილე“, – განაცხადა შ. ბ.–მ „ფორტუნასთან“.
ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლო იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში ჰქონდათ აღებული იპოთეკური სესხი და მისი მოცულობა გალარების პერიოდისთვის არ აღემატებოდა 100 ათას აშშ დოლარს. სესხების გალარება შესაძლებელი იყო იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით. )მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდებოდა 2.3 კურსით. თუმცა სესხის საპროცენტო განაკვეთი თუკი დოლარში იყო დაახლოებით 7.5%, ლარში გადადიოდა 9.75%-ში.)
კურსთაშორის სხვაობას აფინანსებდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროგრამის დაწყებამდე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებდა, რომ გალარების პროგრამა დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხებოდა. მთავრობამ მოქალაქეთა ნაწილის მიერ დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციის დროს 20-პუნქტიანი სხვაობის დასაფარად 65 მილიონი ლარი გამოყო.
თამთა უთურგაშვილი