„ტვ პირველს“ ახალი საინფორმაციო ხელმძღვანელი ჰყავს. ეს თანამდებობა არხის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ შეითავსა.
აწ უკვე ყოფილმა საინფორმაციო ხელმძღვანელმა ნინო ჟიჟილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობისა და მისი ხედვები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
„ფორტუნა“ „ტვ პირველის“ გენერალურ დირექტორს ინგა გრიგოლიას ესაუბრა:
„სრულიად განახლებული ახალი ნიუსით გავალთ, არჩევნები მოგვადგა კარს და შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ.
ნინო იწყებს ახალ გადაცემას. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს დიდი თოქ-შოუებით გავა ეთერში. მე ჩავანაცვლებ მას საინფორმაციოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სერიოზული უთანხმოება, რომ ყოფილიყო, ნინოსთან თოქ-შოუს გაკეთება ხომ არ დაიგეგმებოდა. უბრალოდ მართლა რაღაც განსხვავებული ხედვები გვქონდა ახალ ნიუსთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, ძალიან მაგარ რაღაცებს ვაპირებთ და ამას მალე ნახავთ. ჩვენს გუნდში არის დიანა ტრაპაიძე, არხის ხერხემალი, „მთავარიდან“ შემოგვემატა რამდენიმე ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე საგამოძიებო სტილის ახალ გადაცემას გაუძღვება. მე კიდევ ერთი ახალი გადაცემის დაწყებას ვაპირებ“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ „ფორტუნასთან“ საუბარში.
კითხვაზე „მთავარიდან“ რამდენიმე კადრი გადმოვიდა „ტვ პირველზე“ და ნიკა გვარამიას გულისტკივილი ხომ არ გამოუთქვამს, გრიგოლია პასუხობს:
„ ეს ადამიანები მაშინ მივიღე სამსახურში, როცა ისინი სამსახურიდან უკვე წამოსულები იყვნენ. სხვების ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთბ. ქართული მედიისთვის უცხო არ არის ჟურნალისტის მიერ ასეთი გადაწყვეტილებები. დამიჯერეთ, მათ წამოსვლაში მე არანაირი წვლილი არ მაქვს. უბრალოდ, როგორც დირექტორმა ძალიან მაგარ შანსად ჩავთვალე, რომ ასეთი გამოცდილი ჟურნალისტებით შეგვევსო ჩვენი ტელევიზიის გუნდი“, – განგვიცხადა ინგა გრიგოლიამ.
"უმაგრესი მატება გვაქვს" - „მთავარი არხიდან“ წასული 4 ჟურნალისტი „ტვ პირველში“ გადავიდა
"ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი დღეიდან ჩვენი ტელევიზიის გუნდში, დიდი და საინტერესო გეგმებით"
შეგახსენებთ, ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს ხელმძღვანელი სულ რაღაც 2 თვის წინ გახდა.