ჰაიტის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს ივ ჟან-ბარტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ვარაუდობენ, რომ ინციდენტები ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა. ინგლისურმა The Guardian-მა გამოაქვეყნა იმ ადამიანების ჩვენება, რომლებიც ახლოს არიან ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების ცენტრთან, მათ შორის მსხვერპლების და მათი ოჯახის წევრების მონაყოლიცაა.
“იქ მუშაობს ქალი, რომელიც ზეწოლას ახდენს გოგონებზე და აიძულებს მათ სექსი ქონდეთ დადუსთან (ჟან-ბარტის მეტსახელი). დადუ შეამჩნევს მიმზიდველ გოგონას და ამ ქალს აგზავნის მასთან იმის სათქმელად, რომ ცენტრიდან აგდებენ. გოგონა ტირილს იწყებს, შემდეგ კი ეს ქალი ეუბნება: პრობლემის მოგვარების ერთადერთი საშუალებაა დადუს მიმართოს. გოგონას სხვა არჩევანი არ აქვს და თანხმდება სექსუალურ ძალადობას”, – ციტირებს წყარო ერთ-ერთი დაზარალებულის სიტყვებს.
ჩვენებების თანახმად, პრეზიდენტმა ცენტრის კურსდამთავრებულებიც აიძულა სექსი ქონოდათ. ერთ-ერთს კი აბორტიც გააკეთებინა.
“მასზე ზეწოლა იყო, რომ გაჩუმებულიყო. ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ქალიშვილობა დადუსთან დაკარგა, როდესაც 17 წლის იყო, ეს 2018 წელს მოხდა – გოგონას აბორტის გაკეთება მოუწია. გოგონები, რომლებიც ცენტრში ცხოვრობენ… ეს სირცხვილია – მათ სურთ ქვეყნის სახელით ითამაშონ, მაგრამ თუ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ, გააგდებენ. ისინი მძევლები არიან”, – მოყვა ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი.
ჟან-ბარტი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ არც მის მიმართ და არც ფედერაციის მიმართ არასოდეს ყოფილა საჩივარი. მსგავს ბრალდებას ვიღაცის მხრიდან ასოციაციის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა.
დადუს პრეზიდენტის პოსტი 2000 წლიდა უკავია.
სიტუაციასთან დაკავშირებული ადამიანების ცნობით, ჟან ბარტი აშინებს მსხვერპლს და აიძულებს მათ და მათ ოჯახებს გაჩუმდნენ.