LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სამეფო ოჯახის საჩუქარი ელისაბედ მეორეს : “სიხარულით მიიღო ბრიტანეთის მონარქმა”

126

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს უკერველი კვართის სამეფო ორდენი გაუგზავნა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს კენსინგტონის სასახლეში გლაუსესტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უმასპინძლეს. ბაგრატიონების “ფეისბუქის” გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,
საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის სურვილი იყო, რომ საქართველოს ეს უმაღლესი სამეფო გვირგვინი გადასცემოდა მის უდიდებულესობას, დედოფალ ელისაბედს, დაბადებიდან 90-ე იუბილეს აღსანიშნავად, 2016 წლის 11 ივნისს.

“ბატონიშვილ დავითის ეს სურვილი სიხარულით მიიღო ბრიტანეთის მონარქმა.

გადაწყდა, რომ ამ საზეიმო შემთხვევისათვის საუკეთესო პერიოდი იქნებოდა მ.ს.უ. ბატონიშვილ დავითის სამეფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

მ.უ. გაერთიანებული სამეფოს დედოფლის მიერ საქართველოს სამეფო ორდენის მიღება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული ბრწყინვალე ურთიერთობის შესანიშნავ გაგრძელებას.

ჩვეულებრივ, საქართველოს სამეფო ორდენის დიდი ყელსაბამის რაინდობა/მანდილოსნობა უმაღლესი გრადაციაა საქართველოს სამეფო ორდენებში და იგი გადაეცემათ მმართველ მონარქებს, სახელმწიფოთა მეთაურებს, ეკლესიათა წინამძღოლებს და სამეფო სახლების მეთაურებს.

აღსანიშნავია, რომ მ.ს.უ. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს მეგზურობას უწევდა მისი ღირსება, ლორდი ლინგფილდი, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის სპეციალური წარმომადგენელია გაერთიანებულ სამეფოში, ასევე სან ხორხეს ჰერცოგი და საქართველოს სამეფო სახლის დიდი კანცლერი და ჯორჯოს ბარონი, საქართველოს სამეფო სახლის რეფერენდარიუსი.

საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა და გლაუსესტერის ჰერცოგმა განიხილეს ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით სსრკ დაშლის შემდეგ. მათ ისაუბრეს იმ ჰუმანიტარულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ახორციელებს ბატონიშვილ ირაკლის სახელობის ფონდი და წმ. იოანე იერუსალიმელის სახელობის დიდად პატივცემული ორდენი, რომლის დიდი პერი ბრძანდება გლაუსესტერის ჰერცოგი.

მ.ს.უ. ბატონიშვილმა დავითმა თხოვა გლაუსესტერის ჰერცოგს, რათა საქართველოს სამეფო სახლისა და პირადად მისი სახელით პატივისცემით სავსე, გულწრფელი და თბილი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები, ასევე უღრმესი მადლობა გულითადი მასპინძლობისათვის გადაეცა მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორისათვის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.