სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის(SUTD) მკვლევარებმა გამოითვალეს კორონოვირუსის პანდემიის დასრულების ვადები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. მათი გათვლებით 97%-იანი ალბათობით ის საქართველოში 6 ივნისს, ხოლო 99%-იანი ალბათობით 25 ივნისს დასრულდება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნებში Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მონაცემების საფუძველზე შედგენილი დიაგრამები. მკვლევარებმა ქვეყნებში დაფიქსირებული ყოველდღიური ახალი შემთხვევების, ასევე გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის საფუძველზე შექმნეს დიაგრამები და აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით სცადეს პანდემიის სიცოცხლის ციკლის განსაზღვრა. შესაბამისად, მათ გააკეთეს პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შევა ეპიდსიტუაცია პიკში ამა თუ იმ ქვეყანაში, როდის დაიწყებს კლებას და როდის დასრულდება. ვებგვერდზე განთავსებულ დიაგრამებზე ყოველდღიურად ხდება ყველა ქვეყნის მონაცემების განახლება და სურათი შესაძლოა შეიცვალოს.
მკვლევარები გვაფრთხილებენ იმის შესახებაც, რომ აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები მხოლოდ საგანმანათლებლო და კვლევითი დანიშნულებისაა და შესაძლოა შეცდომებს შეიცავდეს, ასე რომ ისინი უსაფუძვლო ოპტიმიზმის საფუძველი არ უნდა გახდეს. ჩვენ კვლავინდებურად უნდა გავაგრძელოთ რეკომენდაციების დაცვა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.