LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დედაქალაქში

162
Capture568

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დედაქალაქის 70-მდე ქუჩაზე სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა თბილისის გზები, ტროტუარები და ველობილიკები. ეს პროცესი კვლავ გრძელდება, თუმცა უცნობია რა ბედი ელის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეჩერდა.

ამის გასარკვევად “ფორტუნა” თბილისს მერიას დაუკავშირდა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ჯერჯერობით შეჩერებულია. მათი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების უმეტესი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებული იქნება, მისი მოხსნის შემდეგ კი მერია ყველა პროექტს გადახედავს და გადაწყვეტს, რომელი სამუშაოები გაჩერდება და რომელი გაგრძელდება.

ამ ეტაპზე ბოლო სარეაბილიტაციო სამუშაო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე განხორციელდა.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო და განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილის განხორციელება, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ქალაქის მასშტაბით შეძლებისდაგვარად გაგრძელდება.

“არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გვიჭირს სამუშაოების წარმოება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გავჩერდეთ”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა 30-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან ონლაინშეხვედრა გამართა და მათთან სამშენებლო ბიზნესში პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ ისაუბრა.

“თქვენი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ისე დასაქმების მიმართულებით”, – მიმართა კახა კალაძემ მათ.

გაგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიამდე თბილისის მერიამ არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელება დაანონსა, მათ შორის წერეთლისა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია.